ახალი ამბები

„ოცნებიდან“ წასულები ახალ მოძრაობას „ხალხის ძალას“ არქმევენ

2 აგვისტო, 2022 • 1570
„ოცნებიდან“ წასულები ახალ მოძრაობას „ხალხის ძალას“ არქმევენ

„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი – საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ, რომლის სახელიც „ხალხის ძალა“ იქნება. ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

როგორც „ქართული ოცნებიდან“ წასულების 2 აგვისტოს განცხადებაშია აღნიშნული, „ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გააერთიანებს „პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ“ მოქალაქეებს, პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

მათივე განცხადებით, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, გამორიცხული არაა, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდაქმნან.

როგორც ისინი აცხადებენ, მათი უმთავრესი მიზანი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იქნება.

„უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება.

სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება. ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება“, – ნათქვამია „ოცნებიდან“ წასულების წერილში.

ამავე წერილში „ქართული ოცნების“ წევრები აგრძელებენ თავიანთ რიტორიკას და საუბრობენ აშშ-ოს ელჩის მიერ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის შესახებ. მათი თქმით, ელჩმა მათი კითხვები უპასუხოდ დატოვა იმის შესახებ, ცდილობს თუ არა საელჩო სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას; სურს თუ არა საელჩოს საქართველოს ომში ჩართვა და ცდილობს თუ არა ამისათვის ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას.

„ოცნებიდან“ წასულების თქმით, მათი კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას სწორედ საპირისპიროში არწმუნებს.

„არ შეიძლება, ერთს ამბობდე და ქმედებით სულ სხვა რამეს აჩვენებდე. თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების „სიჯიუტის“ ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება, გვერწმუნეთ, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება“, – აცხადებენ „ოცნების“ ყოფილი წევრები.

როგორც მმართველი პარტიიდან წასულები ირწმუნებიან, მათი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა.

„ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“ – გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოს საბოლოოდ აარიდოს ომის საფრთხე, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, რაც სამართლიანობისა და სიმართლის გარეშე ვერ მიიღწევა, ქართულ საზოგადოებას აღუდგინოს ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რისი აუცილებელი პირობაც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაა, და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის“, – აცხადებენ „ოცნებიდან“ წასულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი