„წავიდა მედვედევი, წარსულია“, — ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიმიტრი მედვედევის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი (2008-12 წლები) და პრემიერ-მინისტრი (2012-2020 წლები) დიმიტრი მედვედევი ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და მმართველი პარტია Единая Россия-ს თავმჯდომარის პოსტებს იკავებს.
გუშინ ღამით ВКонтакте-ში მედვედევის გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი იმის შესახებ, რომ რუსეთი „აღადგენს თავის საზღვრებს, რომელიც არსად მთავრდება“.
მედვედევის თანახმად, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო საერთოდ არ არსებობდა, 1801 წელს დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან შედგებოდა. მედვედევი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია „უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. პოსტში საუბარია ყაზახეთზეც, რომელიც მოხსენიებულია „ხელოვნურ სახელმწიფოდ“, სადაც „წესრიგი არ იქნება, სანამ იქ რუსები არ მივლენ“.
მოგვიანებით პოსტი წაიშალა. მედვედევის აპარატში კი ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გვერდი გატეხეს და ამ სოციალურ ქსელში მედვედევის ბოლო პოსტი 31 ივლისს საზღვაო ძალების დღის მილოცვას ეძღვნებოდა.