ახალი ამბები

სილქნეტი და National Geographic საქართველოს ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება

2 აგვისტო, 2022 •
სილქნეტი და National Geographic საქართველოს ყოველთვიური შეხვედრები გრძელდება

სილქნეტისა და National Geographic საქართველოს მორიგ შემეცნებით შეხვედრას Radisson Blue Iveria-მ უმასპინძლა. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის ლექცია აქტუალურ საკითხებს შეეხო:  იდენტობა და დროის გამოწვევები საქართველოს მაგალითზე.  

 ღონისძიება ივლისის ნომრის პრეზენტაციით დაიწყო. თითოეულ სტუმარს გადაეცა ჟურნალის  ნომერი. National Geographic საქართველოს გამომცემელმა ანი ცაბაძემ, სტუმრებს გააცნო ივლისის თვის მთავარი თემები: რატომ ველურდება ქალაქები; მიდის თუ არა ყველა გზა რომში;   რატომ უნდა დავინდოთ პარაზიტები; ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის  გამორჩეული ეთნოგრაფია, რწმენა-წარმოდგენები და მათთან დაკავშირებული რიტუალები და სხვა საინტერესო ფოტო თუ საავტორო მასალა.

  პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ივლისის ნომრის მთავარი თემა „ვინ ვართ ჩვენ“, საქართველოს ასპექტში გადმოიტანა და გაანალიზა: როგორ აღიქვამდნენ ქართველები თავს გლობალურ პერსპექტივაში? რა იყო მათი დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ? რამდენად ხისტი და დოგმატური იყო იდენტობის გაგება? რის დაცვას და რის შეცვლას ცდილობდნენ? როგორი იყო ურთიერთობა დიდ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ იმპერიებთან? როდის აიღო გეზი საქართველომ ევროპაზე, რა განსხვავებაა თერგდალეულების დანახულ მოდერნულ ევროპასა და დღევანდელ პოსტმოდერნულ ევროპას შორის? რა გამოწვევების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშეა საქართველო. 

 ღონისძიებაზე, დისკუსიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური სტუმარიც გამოვლინდა, რომელმაც საინტერესო კითხვები დასვა და მასპინძლებისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო – National Geographic საქართველოს გამოცემათა ნაკრები და ფოტოგრაფ ანზორ მეხრიშვილის ფოტო ნამუშევარი.

 წელს National Geographic  საქართველოს დაარსების 10 წელი უსრულდება. ჟურნალის ქართული რედაქცია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა და შესაძლებლობას აძლევს მკითხველს თვალი ადევნოს სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, იმ სიახლეებს, რომლებიც  მეცნიერებასა თუ ბუნებაშია აქტუალური. გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიურ, სამეცნიერო, სოციალურ  თემატიკას ქართულ ენაზე.

 სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შეხვედრების სერია ხელს უწყობს ჟურნალის პოპულარიზაციას, აერთიანებს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. პირველი ასეთი შეხვედრა, მწერალ დათო ტურაშვილთან შედგა, რომელიც დედაქალაქის უახლოესი ისტორიის ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ამბებს მიეძღვნა. თხრობას დიმიტრი ერმაკოვის მდიდარი ფონდის უნიკალური ფოტო არქივი ერთვოდა. 

თუ გჯერა, რომ მეცნიერების, კვლევის, განათლების და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია, დაესწარი სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შემეცნებით შეხვედრებს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს Radisson Blue Iveria-ში იმართება. 

ღონისძიებებს მწერლები, მეცნიერები, ფოტოგრაფები, საზოგადო მოღვაწეები და საინტერესო ადამიანები წარუძღვებიან.  

გამოიწერეთ ჟურნალი ვებგვერდიდან: www.subscribe.nationalgeographic.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი