„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, თუმცა „ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა კატასტროფაა“.
„ჩემი პოზიცია ცნობილია – სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი ივანიშვილის რეჟიმისვე დეკლარაციით. არ დავიჭერდით, პოლიტიკაში რომ არ ყოფილიყოო, ასე თქვა ღარიბაშვილმა, და მისი პატიმრობა, ასევე, მას როგორც მოექცნენ, არის ძალიან მძიმე დარტყმა ქვეყნისთვის, არა მისი მომხრეებისთვის, არამედ, ზოგადად, ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ პირველ აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას.
თუმცა ბოკერია ასევე ამბობს, რომ „ნებისმიერი მიზეზით ივანიშვილის რეჟიმისთვის მოწყალების თხოვნა არის კატასტროფა მორალურად და პოლიტიკურად“. მის კომენტარს პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.
მისივე თქმით, „ის, რომ დღეს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის სახე და სპიკერები ხაჭაპურიძე, გელბახიანი, თაკო ჩარკვიანი, გუბაზ სანიკიძე და სხვები არიან, მორალური კატასტროფაა“.
„ეს არის პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის, – ამაში სააკაშვილიც შედის და ბოლო წლების განმავლობაში მისი გარემოცვა, – ვინც აირჩია ეს გზა, რომ ივანიშვილის მეთოდებით და მისი ღირებულებებით, უფრო სწორად ღირებულებების გარეშე, უნდა მოიპოვო ძალაუფლება, უნდა დაემსგავსო ივანიშვილს და „ოცნებას“, რომ მოუგო.
ამ არჩევანმა მიიყვანა აქამდე ეს ვითარება და ამაზე პასუხისმგებლები არიან, რა თქმა უნდა, სააკაშვილი, მაგრამ ასევე ყველა, ვინც მის გარშემო ან ფანატიკური მიზეზებით, ან ოპორტუნიზმით და მედროვეობით, მის ტალღაზე ჯდომის მიზეზით, ამ ყველაფერს მხარს უჭერდა, ან ჩუმად იყო“, – განაცხადა მან.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები — ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე — აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკით არ ინტერესდება, თუმცა ენმ-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ვრცლად: