პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი „სპეკულაციაა“.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. [ამ კითხვის დასმის] არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 ივლისს მესტიაში, „სვანეთობაზე“ ყოფნისას ჟურნალისტების კითხვაზე, „იგეგმება თუ არა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში“.
2022 წლის მაისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს „ომში ჩაბმის“ მიზნით „ვიღაცას“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება სურდა.
„ლეგიტიმური კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, მისი რესურსის გამოყენება, იმისათვის, რომ მისი რესურსის გამოყენებით საქართველო ჩართოს ომში“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს. თეორიული კონსტრუქციის მიხედვით, კობახიძის განცხადებით, შესაძლოა არსებობდნენ ძალები, რომლებიც ივანიშვილს დააშანტაჟებენ მისი [ფინანსური] რესურსებით, რათა ეს უკანასკნელი პოლიტიკაში დააბრუნონ, რათა მან ომი დაიწყოს.
მოგვიანებით „ქართულ ოცნებას“ გამოეყვნენ პარლამენტარები, რომლებმაც დაიწყეს ღიად საუბარი „საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობებზე“.
კითხვა, „ხომ არ შეხვდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“, სწორედ „ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა დასვეს პირველად, – რაც შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც გაიმეორეს, – რასაც, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მოჰყვა.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ კელი დეგნანს 21 მარტს შეხვდა და 3 საათის განმავლობაში ესაუბრა. შეხვედრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
მოგვიანებით, 28 ივლისს „ქართული ოცნებიდან“ ახლად გასულმა პარლამენტარმა, გურამ მაჭარაშვილმა ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით დასვა კითხვა:
„არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა: ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს, მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე? სანქციებთან დაკავშირებით ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით?” – განაცხადა 28 ივლისს მაჭარაშვილმა.
კელი დეგნანმა კი განაცხადა:
„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.