საზოგადოება

რა იგულისხმა კობახიძემ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ომში ჩართვის მცდელობაში

11 მაისი, 2022 • 1360
რა იგულისხმა კობახიძემ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით ომში ჩართვის მცდელობაში

„მე მგონი, იდეალურია… თემა ისეთი იყო, რომ სჯობდა, არავის არაფერი გაეგო“, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმის შესახებ, რომ საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებასთან დაკავშირებით მისი განცხადებიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო.

კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას გულისხმობდა, როცა საუბრობდა ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემობრუნებისა და ამით საქართველოს ომში ჩართვის მცდელობებთან დაკვშირებით.

„ლეგიტიმური კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, მისი რესურსის გამოყენება, იმისათვის, რომ მისი რესურსის გამოყენებით საქართველო  ჩართოს ომში, თუ ვერ გაიგეთ, კარგია’, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვა სურთ, თუმცა ხელისუფლება ამას არ აკეთებს. თეორიული კონსტრუქციის მიხედვით, კობახიძის განცხადებით, შესაძლოა არსებობდნენ ძალები, რომლებიც ივანიშვილს დააშანტაჟებენ მისი [ფინანსური] რესურსებით, რათა ეს უკანასკნელი პოლიტიკაში დააბრუნონ, რათა მან ომი დაიწყოს.

“თეორიულად, ბიძინა ივანიშვილი თუ შემობრუნდება პოლიტიკაში და მას ვინმე თუ დაარწმუნებს, რომ საქართველო ამ ომში უნდა ჩაერთოს, ამ შემთხვევაში შედეგი მიიღწევა. მარტივი კონსტრუქციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაზე გავლენა აქვს თუ როგორ  მიიღწევა ეს შედეგი, კობახიძე პასუხობს:

„არა, ამის მიღწევა უნდათ, ამაშია საქმე. კაცი არ არის პოლიტიკაში და უნდათ შემოაბრუნონ, მარტივი კონსტრუქციაა. აქ საუბარია ლეგიტიმურ ეჭვებზე, რომლებიც გამომდინარეობს რაღაც ფაქტებიდან. დანარჩენი არ ვიცით. მარტივი ჰიპოთეტური კონსტრუქციაა – ვიღაცას უნდა შემოაბრუნოს ივანიშვილი პოლიტიკაში, შანტაჟზეა აქ საუბარი, რომ ის დაბრუნდეს ხელისუფლებაში, რათა ქვეყანა ჩართოს ომში, როგორც ხელისუფალმა. ვიღაცებმა შეიძლება ისპეკულირონ, მაგრამ ამ პოლიტიკურ კონსტრუქციებში ჩვენ ვეღარ შევალთ“, – განაცხადა კობახიძემ.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ის პოლიტიკური მოტივით ფინანსური ოპერაციების შეფერხებაში ადანაშაულებს და განმეორებით უჩივის, მმართველ პარტიაში კი არ გამორიცხეს, გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

გუშინ, 10 მაისს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არ გამორიცხა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიული ბანკის მიერ გადარიცხვების შეფერხება “კოორდინირებული ქმედებების” შედეგი იყოს, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩართვაა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს “პოსტ ტვ-ის” ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას განცხადებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხოფერია ვრცელი პოსტით გამოეხმაურა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეფერხებას და აღნიშნა, რომ შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს – ამერიკას აქვს.

თავად კობახიძემ არ დააკონკრეტა, ვის “კოორდინირებულ ქმედებებზე” საუბრობდა და თქვა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მეტს ვერაფერს იტყოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი