ახალი ამბები

შესაძლოა, ძირულაში თევზების დახოცვა ბეტონის საწარმოდან დაბინძურებას უკავშირდებოდეს — დეპარტამენტი

12 ივლისი, 2022 • 1945
შესაძლოა, ძირულაში თევზების დახოცვა ბეტონის საწარმოდან დაბინძურებას უკავშირდებოდეს — დეპარტამენტი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმის წარმოება დაიწყო სოციალურ ქსელში მდინარე ძირულას დაბინძურების შესახებ გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე.

საუბარია 11 ივლისს გავრცელებულ კადრებზე, რომლებშიც დახოცილი თევზები ჩანს. დეპარტამენტის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში მდინარე ძირულადან აღებულია მდინარის წყლის სინჯები და დახოცილი თევზის ნიმუშები.

კვლევების მიზნით სინჯები და ნიმუშები შესაბამის ლაბორატორიაში გაააგზავნეს.

უწყების თანახმად, დადგინდა, რომ “მითითებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ბეტონის საწარმო და შესაძლოა, მომხდარი უკავშირდებოდეს აღნიშნული ობიექტის მხრიდან მდინარის დაბინძურებას”.

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ დაწყებულია ბეტონის საწარმოს ინსპექტირება.

ლაბორატორიული კვლევების პასუხების მიღებისა და ინსპექტირების დასრულებისთანავე, გატარდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები”, — აღნიშულია განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტმა დღეს, 12 ივლისს გავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი