ახალი ამბები

თბილისში სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე გაიმართება

28 ივლისი, 2022 • 926
თბილისში სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე გაიმართება

30 ივლისს, 11 საათზე, თბილისში, ინგოროყვას 22-ში, ე.წ. ჩეკას სახლთან – შენობასთან, სადაც 1921-1934 წლებში საბჭოთა ტერორის მთავარი ცენტრი, ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თქმით, ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება ჩეკას სახლში დატუსაღებულ, რეპრესირებულ თუ სიკვდილით დასჯილ მსხვერპლთა ფოტოები. ღონისძიების მონაწილენი წაიკითხავენ რეპრესირებულთა და სიკვდილით დასჯილთა სახელებსა და გვარებს.

„ღონისძიების ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ 1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება, ნომრით 004447, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე. რეპრესიების ამ ციკლმა მილიონობით, საქართველოში კი ათეულ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მასშტაბიდან გამომდინარე, 1937-1938 წლების სისხლის კალომ ქართული საზოგადოების განვითარებასა და სოციალურ ქსოვილს კოლოსალური დამღა დაასვა.

დღეს, როცა საბჭოთა ტოტალიტარული გამოცდილებით მანიპულირება რუსული დეზინფორმაციული ომისა და სამხედრო აგრესიის მთავარი მამოძრავებელია, სტალინური ტერორისა და მის მსხვერპლთა გახსენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის რუსული პროპაგანდის წარმატების ფონზე: ბოლო წლებში საქართველოში სტალინის 10-ზე მეტი ახალი ძეგლი დაიდგა.

აშშ-ის განვითარების სააგენტოს ინფორმაციის სანდოობის პროგრამის მიერ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 66% მთლიანად ან ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც სტალინით, მისი ქართული წარმოშობის გამო, „ქართველებმა უნდა იამაყონ“, -აცხადებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი