ახალი ამბები

TV 4-ზე “ალტ-ინფოს” გადაცემები აღარ გავა – დირექტორი

27 ივლისი, 2022 • 3281
TV 4-ზე “ალტ-ინფოს” გადაცემები აღარ გავა – დირექტორი

რეგიონული ტელეკომპანია TV 4, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს, პრორუსულ “ალტ-ინფოს” ეთერს აღარ დაუთმობს. ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანიამ დღეს, 27 ივლისს გაავრცელა.

TV 4-ის დირექტორმა, გიგი მგალობლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ მის ტელეკომპანიასა და “ალტ-ინფოს” შორის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი არის “ალტ-ინფოს” ფინანსური პრობლემები:

“ალტ-ინფოსთან თავიდანვე სატესტო რეჟიმში გვქონდა გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2 თვის გასვლისთანავე ამოიწურა და აღარ გაგრძელდა. ზუსტად არ ვიცი, თავად აქვთ ფინანსური პრობლემა, რის გამოც, თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ. ამიტომ გაწყდა ხელშეკრულება”, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

მისი თქმით, “ალტ-ინფოს” პროდუქციის შინაარსი TV 4-თვის თავიდანვე მიუღებელი იყო, თუმცა რეგიონულ ტელევიზიაში არსებული ფინანსური პრობლემების გამო სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ:

“მათი პროდუქციის შინაარსი სრულიად მიუღებელია, უბრალოდ იმის გამო, როგორც რეგიონალურ ტელევიზიას, რომელსაც რეკლამები შეუწყდა, იმისთვის რომ გადარჩენილიყო და საინფორმაციოს ეფუნქციონერა, ამის გამო მივიღეთ თავის დროზე ეს სამწუხარო გადაწყვეტილება”, – განმარტა მან.

მგალობლიშვილის თქმით, “ალტ-ინფო” იკავებდა TV 4-ის 24-საათიანი სატელევიზიო ბადის 5 საათს. რაც შეეხება სამომავლო თანამშრომლობას, მისი განცხადებით, ამ ეტაპზე TV 4-ის პოზიციაა, რომ მომავალშიც აღარ ითანამშრომლონ პრორუსულ არხთან.

“თუ რაიმე შეიცვალა, გაგაგებინებთ, მაგრამ არა მგონია”, – უთხრა მგალობლიშვილმა “ნეტგაზეთს”.

მაისში ცნობილი გახდა, რომ TV 4-ის ეთერი “ალტ-ინფოს” გადაცემებს ეთმობოდა.

რას წარმოადგენს “ალტ-ინფო”

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ “ალტ-ინფო”, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

2021 წლის ბოლოს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს. პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

ამავე თემაზე:

ქვემო ქართლის ტელეარხზე “ალტ-ინფოს” გადაცემები გადის

მასალების გადაბეჭდვის წესი