საზოგადოება

ქვემო ქართლის ტელეარხზე “ალტ-ინფოს” გადაცემები გადის

19 მაისი, 2022 • 1680
ქვემო ქართლის ტელეარხზე “ალტ-ინფოს” გადაცემები გადის

რეგიონული ტელეკომპანია “TV 4”, რომელიც ქვემო ქართლში მაუწყებლობს, პრორუსული “ალტ-ინფოს” გადაცემებს უთმობს ეთერს. “TV 4”-ის ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებას ფინანსური პრობლემებით ხსნის, თუმცა მინიმუმ ერთმა თანამშრომელმა, რომლისთვისაც ფაქტი მიუღებელია, ტელევიზია უკვე დატოვა.

ქვემო ქართლის ტელეკომპანია, იგივე “TV 4”, წლებია, ასობით ათას ლარს იღებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 2016-2019 წლებში კომპანიას 9 ტენდერი აქვს მოგებული, რომელთა საერთო ღირებულებაც მილიონ ლარს აჭარბებს. შემსყიდველებს შორის ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტები დომინირებენ.

მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელიც “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ” 2021 წელს ჩაატარა, “TV 4” მოხსნიებულია, როგორც “ხელისუფლებისადმი მიკერძოებული” მაუწყებელი, სადაც მონიტორინგის მაწარმოებლებს თითქმის არ შეხვედრიათ კრიტიკული სიუჟეტები მთავრობის საქმიანობაზე.

“ფინანსური პრობლემები”

“TV 4” მაყურებელს საინფორმაციო, შემეცნებით, ანალიტიკურ და სხვა გადაცემებს სთავაზობს. თუმცა, გადაცემებს, რომელთაც მიმდინარე დღეებში მიიქციეს ყურადღება, არა “TV 4”, არამედ პრორუსული ტელევიზია “ალტ-ინფო” ამზადებს, შემდეგ კი ეს ნაწარმი ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ეთერში გადის.

როგორც “TV 4”-ში გვითხრეს, “ალტ-ინფოს” გადაცემები მათ არხზე 17 მაისიდან გადის და 24-საათიანი ეთერიდან, ჯამში, 5 საათზე მეტი ეთმობა. გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრისას ტელეარხის დირექტორი გიგი მგალობლიშვილი ფინანსურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

“ტელევიზიას აქვს ფინანსური პრობლემები, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ იმ ტელევიზიისთვის[“ალტ-ინფო”], რომელიც ყველა საკაბელო ქსელში მაუწყებლობს, მათთვის მიგვეყიდა საეთერო დრო”, — დასძენს ის.

მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ნანახი აქვს “ალტ-ინფოს” გადაცემები და “TV 4”-სთვის მიუღებელია ხსენებული ტელეკომპანიის პოზიცია:

“უბრალოდ, როგორც გითხარით, სამწუხაროდ, მოგვიწია ამ გადაწყვეტილების მიღება ფინანსური პრობლემის გამო. მათ ჩვენთან არანაირი შეხება არ აქვთ, მზა გადაცემები იგზავნება პირდაპირ და ჩვენს საეთერო ბადეში თავსდება”.

“ვინმემ უნდა გაგვაფრთხილოს, რომ არ შეიძლება”

მგალობლიშვილს ვკითხეთ, რამდენად მართლზომიერია მის მიერ მოყვანილი არგუმენტი იმ ფონზე, როცა “ალტ ინფო” წარმოადგენს პრორუსულ ტელევიზიას, რომელმაც გასულ წელს ძალადობრივი აქცია დააორგანიზა თბილისში.

“ჩვენი ტელევიზია არის კერძო კომპანია. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ მარეგულირებელი კომისია, უშიშროება, სუს-ი, რა ვიცი, ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, უნდა მიიღოს მაშინ შესაბამისი ზომები. ჩვენ ვინმემ უნდა გაგვაფრთხილოს, რომ ამ ტელევიზიის გავრცელება არ შეიძლება.

ჩვენ კი ვიცით, რომ ცუდ საქმეს აკეთებენ, ჩვენთვისაც არ არის კარგი და არ ვაკეთებთ ამას სიხარულით, უბრალოდ ფინანსური პრობლემების გამო ტელევიზია იდგა დახურვის საფრთხის წინ. უფრო სწორად რომ გითხართ, ვიხურებოდით, დამთავრებული იყო უკვე ყველაფერი”, — გვიპასუხა მან.

“TV 4”-ის დირექტორის თქმით, ტელეკომპანიამ წელსაც მოიგო რუსთავისა და გარდაბნის მერიების ტენდერები, თუმცა “იმდენად მწირია ეს შემოსავალი, რომ არაფერს ცვლის”. ტენდერების მონიტორინგის პლატფორმის მიხედვით, ამ ორი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 125 000 ლარამდეა.

“თუ რაიმე ალტერნატივა გამოჩნდა, სიხარულით გავთიშავ [ალტ-ინფოს] და სხვა წყაროს მივმართავ”, — დასძენს გიგი მგალობლიშვილი. მისივე ცნობით, ხელშეკრულება, ჯერჯერობით, 1-თვიანია, თუმცა ის, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.

მგალობლიშვილი არ აკონკრეტებს, რამდენს უხდის “ალტ-ინფო” “TV 4”-ს საეთერო დროსთვის. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გამხელა ეწინააღმდეგება კონტრაქტის პირობებს.

ჟურნალისტის პროტესტი

“TV 4”-ის ამ გადაწყვეტილების გამო ტელეკომპანია მინიმუმ ერთმა თანამშრომელმა უკვე დატოვა. ახალი ამბების აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტი ნინია ზოდელავა “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ტელევიზიის დირექტორმა თანამშრომლებთანაც ფინანსური პრობლემებით გაამართლა თავისი გადაწყვეტილება.

“მე ვეწინააღმდეგები ფაქტს, რომ იმ ტელევიზიის ლოგოს ქვეშ, რომელსაც მე წარმოვადგენ, გადიოდეს პრორუსული გადაცემები. შესაბამისად, მალევე მივიღე გადაწყვეტილება, დამეტოვებინა ჩემი ადგილი TV 4-ში”.

“ხელმძღვანელი გვეუბნებოდა, რომ ტელევიზიას ჰქონდა ფინანსური პრობლემები და იმისთვის, რომ ტელევიზია და თანამშრომლები შეენარჩუნებინა, მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება.

ამბობს, რომ ალტერნატივა არ იყო. ეს გამართლება უპოვა. რამდენად არის გამართლება, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ასე ამბობს”, — დასძენს ზოდელავა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ამავე მიზეზით ტელევიზია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა. თავად გიგი მგალობლიშვილი დასძენს, რომ:

“ამ ეტაპზე ჯერ ერთი ჟურნალისტია წასული, მაგრამ სავარაუდოდ მეორე წავა კიდევ. ორი იქნება სავარაუდოდ”.

რას წარმოადგენს “ალტ-ინფო”

„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.

აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ “ალტ-ინფო”, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“. ის პრორუსულ გზავნილებს ავრცელებს რუსეთის ომზეც უკრაინაში.

2021 წლის ბოლოს “ალტ-ინფოს” წარმომადგენლებმა პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” დააფუძნეს. პარტიაში ამბობენ, რომ მზად არიან რუსეთთან „პარტნიორული ურთიერთობებისთვის“.

მასალების გადაბეჭდვის წესი