ახალი ამბებიეკონომიკა

რუსეთიდან გზავნილების ზრდას ერთჯერად მოვლენად განვიხილავთ – გვენეტაძე

27 ივლისი, 2022 •
რუსეთიდან გზავნილების ზრდას ერთჯერად მოვლენად განვიხილავთ – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ რუსეთიდან გაზრდილ ფულად გზავნილებს ეროვნული ბანკი ერთჯერად შემოსავლებად განიხილავს.

კობა გვენეტაძემ 27 ივლისს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის წლიური ანგარიში წარადგინა. კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ შეკითხვა დაუსვა რუსეთიდან გზავნილების ზრდასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთიდან 2 თვეში შემოვიდა იმაზე მტი ფული, ვიდრე 1 წელიწადში, – 550 მლნ დოლარი, რამაც იქონია ლარის გამყარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა“, – განაცხადა გოცირიძემ და გვენეტაძეს ჰკითხა:

„რა მოლოდინები გაქვთ წლის ბოლოსკენ და რა დიაპაზონში წარმოგიდგენიათ ლარის კურსის მოძრაობა“?

კობა გვენეტაძის თქმით, არსებობს ბევრი მოვლენა, რომლის პროგნოზირებაც შეუძლებელია და ამის მაგალითად ასეთი რამ დაასახელა:

„როდესაც უკრაინაში რუსული აგრესია დაიწყო, ფულადი გადმორიცხვებისა და ექსპორტის შემცირების მოლოდინი გვქონდა, მაგრამ პირიქით მოხდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მაღალია არაპროგნოზირებადობის დონე. აქედან გამომდინარე, ამას ვერანაირად ვერ გავთვლიდით და ვერ გავითვალისწინებდით. ჩვენ პირიქით ვითვალისწინებდით. არა მარტო ჩვენ, არამედ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ვინც ამაზე მუშაობდა“.

გვენეტაძის თქმით, რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება მომავალში:

„ეს არის ფული, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები რიცხავენ, ან კიდევ ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდით გადმოვიდნენ; რამდენი ხანი დარჩებიან ისინი აქ, ან ქართველი, რომელმაც ეს თანხა გადმორიცხა, აქ იქნება და თუ სხვაგან წავა, რთული სათქმელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომაა, რომ ჩავთვალოთ ეს ერთჯერად შემოსავლებად. ეს უფრო დაცულად გვამყოფებს“.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცდებით, „ჩვენ თუ ჩავთვლით, რომ ეს მუდმივად ასე გაგრძელდება, მაშინ პოლიტიკაც შეიცვლება“.

„რომ შევხედოთ, მაგალითად, თუ მაისში მეტი გადმორიცხვები იყო რუსეთიდან, ივნისში ოდნავ შემცირდა. ამიტომ ჩვენი მიდგომა ფრთხილია, რადგან ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც დროებით მოვლენას. რა თქმა უნდა, ამან გავლენა მოახდინა გაცვლით კურსზეც, ეკონომიკურ აქტივობაზეც, – ეს ფული იხარჯება, – მაგრამ მიდგომა ამასთან დაკავშირებით იქნება ფრთხილი“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი