ახალი ამბები

ომბუდსმენი: „უსინათლოთა კავშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლება უკანონო იყო

27 ივლისი, 2022 •
ომბუდსმენი: „უსინათლოთა კავშირიდან“ თანამშრომლების გათავისუფლება უკანონო იყო

ომბუდსმენის განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის ყოფილი თანამშრომლების შესაძლო უკანონო გათავისუფლებისა და მათი შრომითი უფლების დარღვევის საკითხი.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ განმცხადებლებთან შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შეწყდა:

„2022 წლის 8 თებერვალს ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის დირექტორმა 11 თანამშრომლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გაფრთხილების გამოყენების ბრძანებები გამოსცა. ბრძანებებს საფუძვლად დაედო შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და შრომის დისციპლინის დარღვევა.

კერძოდ, არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა. 2022 წლის 14 თებერვალს დირექტორმა დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებები გამოსცა, რომლის თანახმად, განმცხადებლები დაკავებული პოზიციებიდან 2022 წლის 1 თებერვლიდან (წინა თარიღით) გათავისუფლდნენ. დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველს ამ შემთხვევაშიც არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა წარმოადგენდა“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენის თქმით, ცენტრის ყოფილმა თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მიმდინარე წლის იანვარი/თებერვლის პერიოდში, ცენტრის ყოფილი დირექტორის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, სამსახურში ცხადდებოდნენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში, პანდემიის გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო დახურულ სივრცეში რამდენიმე პირის თავშეყრა.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, საქმეში არსებული დოკუმენტით დასტურდება ერთ-ერთი თანამშრომლის დაინფიცირების შემთხვევა, რომლის სავარაუდო კონტაქტებს წარმოადგენდნენ განმცხადებლები. ახალ დირექტორს კი სამსახურში გამოცხადების წესის ცვლილების შესახებ მათთვის არ უცნობებია.

სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლებთან კომუნიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება არც ცენტრის ხელმძღვანელობას არ წარმოუდგენია. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდებამდე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მიეცათ:

„აღნიშნული გარემოებები იძლევა საფუძველს მივიჩნიოთ, რომ დამსაქმებლის ქმედებები იყო წინასწარ განზრახული და მიზანმიმართული, რაც დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შექმნაში გამოიხატა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების შესახებ ბრძანებების ჩაბარების შემდგომ, პირველივე სამუშაო დღეს სამსახურში გამოცხადებისას დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლების გამო, განმცხადებლებს ფიზიკურად არ მისცემიათ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოსწორების, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების პირნათლად შესრულების დრო და საშუალება და იმავე დღეს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გათავისუფლებულ თანამშრომელთა უმრავლესობა უსინათლო ან მცირემხედველია. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პირების დასაქმების არეალი უკიდურესად მწირია. ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, ა(ა)იპ საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდების თანახმად, კავშირის მნიშვნელოვან მიზანს უსინათლო მოქალაქეთა შრომით, სამართლებრივ და სოციალურ დაცვას წარმოადგენს, რაც უსინათლოთა დასაქმების ხელშეწყობაში უნდა გამოიხატებოდეს.

„ზემოაღნიშნული გარემოებებისა და განმცხადებლებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი ბრძანებების ფორსირებულ რეჟიმში გამოცემის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ა(ა)იპ კულტურის, განათლებისა და სპორტის ცენტრის მიერ გათავისუფლებულთა მიმართ განხორციელებული ქმედებები არ არის ლეგიტიმური“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა მოუწოდა უფლებამოსილ პირებს – უზრუნველყონ გათავისუფლებული პირების აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციებზე და მათთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.


რამდენიმე კვირის წინ უსინათლოთა კავშირიდან 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, ისინი ხელმძღვანელობამ სწორედ მათი კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვა. სამი ყოფილი თანამშრომელი მეოცე დღეა, რაც კავშირის შენობაში შიმშილობს, მათ შორისაა 9 აპრილის მონაწილე ლელა ვეფხვაძე, რომელიც წელს პრეზიდენტმა ეროვნული გმირის ორდენით დააჯილდოვა.

მოშიმშილეები ითხოვენ უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებული კულტურის ცენტრის დირექტორის, ცირა ვეფხვაძის და კიდევ 12 გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნებას.

კავშირის წევრების თქმით, უსინათლოთა კავშირის ბალანსზე არსებული ქონება და შემოსავლები არამიზნობრივად განიკარგება.  მაგალითად, უსინათლოთა კავშირიდან გათავისუფლებული თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე გიორგი ენუქიძე „ნეტგაზეთთან“საუბარში ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირებმა გააპროტესტეს უსინათლოთა კავშირის ქონების არამართებული გასხვისება.

მასალების გადაბეჭდვის წესი