ახალი ამბები

„კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა

27 ივლისი, 2022 •
„კრედიტ სუისის“ ხელმძღვანელმა პოსტი დატოვა

შვეიცარიული ბანკის, „კრედიტ სუისის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა თომას გოტსტაინმა პოსტი დატოვა.

მან ეს გადაწყვეტილება მიიღო წლის მეორე კვარტალში (აპრილი-ივნისი) ბანკის მიერ მასიური წაგებისა და არაერთი სასამართლო დავის ფონზე.

ბანკის განცხადებით, მან იზარალა 1.593 მილიარდი შვეიცარიული ფრანკით (1.66 მლრდ აშშ დოლარი).

გოტსტაინმა განაცხადა, რომ მეორე კვარტლის შედეგები „სამწუხაროა“ და ბანკის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნი გავლენა იქონია „არაერთმა საგარეო ფაქტორმა, მათ შორის, გეოპოლიტიკურმა, მაკროეკონომიკურმა და საბაზრო რყევებმა“.

გოტსტაინს შეცვლის ულრიკ კერნერი, რომელიც ბანკის ქონების მართვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ბოლო პერიოდში „კრედიტ სუისს“ არაერთი პრობლემა შეექმნა. მაგალითად, შვეიცარიულმა სასამართლომ 1.6 მილიარდი ევროთი დააჯარიმა იმ ბრალდებით, რომ ბანკმა 15 წლის წინ „არ მოახდინა ფულის გათეთრების პრევენცია“, – ეს საქმე 15 წლის წინანდელია და ბულგარულ კრიმინალურ დაჯგუფებას უკავშირდება; ასევე, „კრედიტ სუისი“ მნიშვნელოვნად აზარალა საინვესტიციო ბანკ UBS-სთან დაკავშირებულმა „კორპორაციული შპიონაჟის“ საქმემ, რაც 2019 წელს გამოაშკარავდა.

„კრედიტ სუისთან“ რამდენიმე სასამართლო აქვს საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილსაც – ბერმუდის კუნძულებზე, სინგაპურსა და შვეიცარიაში.

ივანიშვილის ადვოკატები განმარტავენ, რომ გარდა უშუალოდ ამ სასამართლო დავებისა, ბიძინა ივანიშვილს მინდობილი აქვს მნიშვნელოვანი აქტივები Credit Suisse-ის „სატრასტო“ კომპანიებისთვის და „სწორედ ბანკსა და მის სატრასტო კომპანიებთან ურთიერთობის ფარგლებში, ბანკის მიერ ჩადენილ განმაცვიფრებელ დარღვევებს ეხება“ ბოლო პერიოდში არსებული გაურკვევლობა.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მიაჩნია, „კრედიტ სუისთან“ მისი დავა საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება, თუმცა ამბობს, რომ ურჩევნია, ეს საკითხი „ზედმეტად თავს არ მოახვიოს“ საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი