ახალი ამბები

რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წელს ISS-ს დატოვებს და საკუთარ ორბიტალურ სადგურს შექმნის

26 ივლისი, 2022 • 698
რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წელს ISS-ს დატოვებს და საკუთარ ორბიტალურ სადგურს შექმნის

რუსეთი აცხადებს, რომ 2024 წლის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) მუშაობას შეწყვეტს და ორბიტაზე საკუთარ სადგურს განათავსებს.

როგორც BBC წერს, ამის შესახებ „როსკოსმოსის“ ახალმა ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა. ბორისოვის თქმით, რუსი ასტრონავტები 2024 წლამდე გააგრძელებენ საკუთარი მოვალეობების შესრულებას.

ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 1998 წლიდან თანამშრომლობენ, თუმცა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წამოწყების შემდეგ ვითარება დაიძაბა. დასავლეთის მიერ დაკისრებული სანქციების ფონზე რუსეთი წარსულშიც იმუქრებოდა, რომ პროექტს მიატოვებდნენ.

გამოცემა წერს, რომ ამჟამად ISS-ის მოქმედი მისია 2024 წლამდეა გაწერილი, თუმცა აშშ პროგრამის კიდევ 6 წლით გახანგრძლივებას გეგმავდა, თუ ყველა პარტნიორი თანახმა იქნებოდა:

„ვფიქრობ, დროა, რუსეთის ორბიტალური სადგური შევქმნათ“, – უთხრა ბორისოვმა ვლადიმერ პუტინს, რაზეც რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა.

BBC წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება ISS-ის მომავლისთვის. გამოცემასთან NASA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ-ს რუსეთის გეგმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი