ახალი ამბები

ონიანის თქმით, პროკურატურაში უთხრეს, რომ “გოგაშვილის ფაილები” ვერ გახსნეს

26 ივლისი, 2022 • 769
ონიანის თქმით, პროკურატურაში უთხრეს, რომ “გოგაშვილის ფაილები” ვერ გახსნეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები დღეს, 26 ივლისს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდნენ. საქმე ეხება მათ მიერ 21 ივლისს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც, მათი თქმით, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს.

ანგარიში შეიცავს 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს.

ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის, გიორგი ონიანის თქმით, პროკურატურაში უთხრეს, რომ მათ მიერ გადაცემული ფაილები უწყებაში ვერ გახსნეს.

“საინტერესო იყო, რომ გაუგებარი მიზეზების გამო, რატომღაც, ჩვენ მიერ მიწოდებული მასალები ვერ გახსნეს… მგონი, ტექნიკური პრობლემაა”, — უთხრა ჟურნალისტებს ონიანმა გამოკითხვის შემდეგ.

მისი თქმით, გამოკითხვაზე პროკურატურის წარმომადგენლებს სრულყოფილად მიაწოდეს აღნიშნულ საქმეზე მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ამასთან, ონიანის განცხადებით, ფაილებს კიდევ მიაწვდიან პროკურატურას.

გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა TI-ის იურისტმა ივანე ჩიტაშვილმაც. მან აღნიშნა, რომ ფაილების შემცველ დისკს დღესვე გადასცემენ საგამოძიებო ორგანოს და ნებაყოფლობით წარუდგენენ იმ მეხსიერების ბარათსაც, რომელიც მათ მიიღეს.

“გამოძიების დაწყება აუცილებლად უნდა მოხდეს სწორი კვალიფიკაციით. და პირველ რიგში ეს გულისხმობს, რომ შინაარსთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულებით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და საგამოძიებო ორგანო. ეს არის ჩვენი მოლოდინი. რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულებს, ეს შეიძლება იყოს როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა, აგრეთვე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და უფლებამოსილების გადამეტება”, – განაცხადა ჩიტაშვილმა.

ინფორმაციის დასაზუსტებლად და იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა გამოძიება, ნეტგაზეთი საქართველოს პროკურატურასაც დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

22 ივლისს “ნეტგაზეთს” უწყებაში უთხრეს, რომ NGO-ების მიერ გავრცელებული ანგარიშის შესწავლა დაწყებული ჰქონდათ.

ნახეთ ვრცლად:

გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი