თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მსგავსად, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის კომენტირებისას აქცენტს მედიის პასუხისმგებლობაზე აკეთებს.
კალაძის შეფასებით, დროა, მედიამ გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და პიროვნული შეურაცხყოფის ნაცვლად ნებისმიერ პოლიტიკოსს, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მისთვის, პატივისცემით მოეკიდოს.
„ვგმობ დამოკიდებულებას, რასაც ჟურნალისტების ნაწილის მხრიდან ვაწყდებით. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის ნაბიჯებს, მაგრამ პირადი შეურაცხყოფა, ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერზე წინ უნდა დავაყენოთ ურთიერთპატივისცემა. როდესაც ხარ ჟურნალისტი და რესპონდენტს შეურაცხყოფას აყენებ, რაც გინდა არ მოგწონდეს ის, ეს არ არის მისაღები, არ არის სწორი და ძალიან ცუდია“, — განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ურთიერთპატივისცემა.
„მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც იქნება ათასჯერ მეტი პატივისცემა და სიყვარული. დროა, ყველამ გადავაბიჯოთ ამ სირთულეებს, რადგან არავისთვის არ არის მისასალმებელი ოჯახის შეურაცხყოფა. თუ ფიქრობთ იმას, რომ მედიამ შეურაცხყოფა გვაყენოს და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია. რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? როდესაც მაგინებენ, მე ვუყურო, რა ლამაზად მაგინებთ?“ — განაცხადა კახა კალაძემ.
25 ივლისს ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:
„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“
ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.
მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.
კობახიძე ბოდიშს არ იხდის და ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვს“ უწოდებს