საზოგადოება

კობახიძე ბოდიშს არ იხდის და ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვს“ უწოდებს

26 ივლისი, 2022 •
კობახიძე ბოდიშს არ იხდის და ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვს“ უწოდებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კვლავ შეურაცხყოფას აყენებს „მთავარი არხის“ ჟურნალისტს და ამჯერად პავლიკ მოროზოვს უწოდებს.

პავლიკ მოროზოვს უწოდებს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ტელეწამყვანებს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და აცხადებს, რომ დეპოლარიზაცია მხოლოდ „დეპავლიკიზაციით“ არის შესაძლებელი, რასაც „ქართული ოცნება“ „მთელ ყურადღებას“ დაუთმობს.

ორშაბათს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

კობახიძე მალევე გააკრიტიკეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ და ლევან ხაბეიშვილმა. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კი დაწერა, რომ კატეგორიულად გმობს კობახიძის „უკადრის საქციელს“ და „ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას“.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, ფეისბუკზე იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

„ამის შემხედვარეს „რას დაგამსგავსათ აბელა სეთურმა“ [ფრაზა ჭაბუა ამირეჯების „დათა თუთაშხიადან“] იყო პირველი, რაც გაგახსენდებოდა. ახალგაზრდა ადამიანი ამ მდგომარეობამდე რომ მივა, ნაცმოძრაობის ბოროტებას რა ძალა აქვს, უკვე აბსოლუტურად ცხადია“.

კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობის აქტივისტობა უპირობოდ პავლიკა მოროზოვობას ნიშნავს“, და, მისი თქმითვე, ამავეს ნიშნავს „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მხარდაჭერაც:

„ვინც გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ ნაკადრი უბინძურესი შეურაცხყოფის იგნორირებას და მასზე პასუხის დაგმობას ცდილობდა, ისინიც ჩამოყალიბებული პავლიკა მოროზოვები არიან“, – წერს კობახიძე.

[პავლიკ მოროზოვი საბჭოთა „გმირი“ ბავშვი იყო, რომელმაც კულაკი მამა დააბეზღა პარტიის სასარგებლოდ, რის გამოც საბჭოთა პროპაგანდამ იგი საკულტო ფიგურად აქცია].

კობახიძე „პატარა კაცებს და პატარა ქალებსა“ და „ცნობილ ვაჭრებს“ უწოდებს ტელეწამყვანებს, ინგა გრიგოლიასა და გიორგი თარგამაძეს, ენმ-ის წარმომადგენელ ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს და წერს:

„მოროზოვებში სალომე ზურაბიშვილიც რომ გამოერია, აღარც ეს არის ვინმესთვის გასაკვირი“.

ბოლოს კობახიძე აცხადებს, რომ „დეპოლარიზაცია ბოლშევიკებთან და პავლიკა მოროზოვებთან მორიგებით ვერ მიიღწევა. ეს გაკვეთილი საქართველომ ჯერ კიდევ 100 წლის წინ მიიღო“.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, „დეპოლარიზაცია მხოლოდ დეპავლიკიზაციით არის შესაძლებელი, რასაც 2024 წლამდე მთელ ჩვენ ყურადღებას დავუთმობთ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი