ახალი ამბები

კოალიცია „ოცნებას“ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

26 ივლისი, 2022 •
კოალიცია „ოცნებას“ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, შეისწავლოს ირაკლი კობახიძის გამონათქვამები პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის ფარგლებშიც.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გმობს ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტზე თავდასხმას და მოუწოდებს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას”, მიიღოს ზომები ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, რაც მოიცავს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, გააუმჯობესოს მედიაგარემო ქვეყანაში:

„გასათვალისწინებელია, რომ „საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსი”საქართველოს პარლამენტის წევრებს უზღუდავს მოქალაქეებთან ურთიერთობისას არაკორექტული და შეურაცხმყოფელი ლექსიკით საუბარს. ასევე, ვალდებული არიან, საჯარო ფუნქციის შესრულებისას მათთან კომუნიკაციაში მყოფ პირებს არ შეულახონ პატივი და ღირსება.

კოალიცია კიდევ ერთხელ მიმართავს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება. პოლიტიკოსებმა თმენის ვალდებულების ფარგლებში კორექტულად უნდა უპასუხონ ისეთ კითხვებსაც, რაც მათთვის შესაძლოა არაკომფორტული იყოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ორშაბათს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

კობახიძე ბოდიშს არ იხდის და ზურაბიშვილს „პავლიკ მოროზოვს“ უწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი