ახალი ამბები

პაპუაშვილი კობახიძის აგრესიას არ აფასებს და მედიას პროვოკაციაში ადანაშაულებს

26 ივლისი, 2022 •
პაპუაშვილი კობახიძის აგრესიას არ აფასებს და მედიას პროვოკაციაში ადანაშაულებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პროვოკაცია მოუწყო. ის არ აფასებს ირაკლი კობახიძის შეურცხმყოფელ, აგრესიულ რიტორიკას და მედიას არაერთიკურობისთვის აკრიტიკებს.

„ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, მედია ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად, მათ შორის, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ცილისმწამებლურ კამპანიას, რომლის კულმინაცია იყო გუშინ დასმული კითხვა იმ ფორმულირებით, რომელშიც ჩადებული იყო პასუხიც, შეურაცხყოფაც, ცილისწამებაც, დისკრედიტაციაც, კლიშეც. ეს იყო მაგალითი იმისა, როგორც ხდება პროპაგანდისტული ინსტრუმენტების გამოყენება მედიის მეშვეობით“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეთიკური ჟურნალისტიკა მედიის დიდი ნაწილისთვის „აღარ არის ტერმინიც კი“ და მედიის ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად. პაპუაშვილი, მათ შორის, მედიას ადანაშაულებს პოლარიზაციაში და ამბობს, რომ დეპოლარიზაციისთვის აუცილებელია რიტორიკის შერბილება. ის მოუწოდებს მედიას, პოლიტიკაში შესვლის ნაცვლად დაუბრუნდნენ ეთიკური ჟურნალისტიკის საწყისებს.

„ჩვენ რაც ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე, თითქოს რაღაც კითხვა არსებობს. არანაირი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა, რომელიც გამორჩეულია საქართველოზე დეზინფორმაციის გავრცელებით, თქვა, რომ რაღაც დაგუგლა. დაგუგლვაზე ჟურნალისტი რომ ააწყობს თავის კითხვას და მედია ააწყობს თავის სიუჟეტს, მიუთითებს, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი.

ამ კითხვაში არაფერი არ იყო ჩვეულებრივი, როგორც მისი ისტორიული კონტექსტის, ისე ამ ადამიანის [გიორგი კობახიძის] დამსახურების და როლის გათვალისწინებით. ჟურნალისტმა, როგორც ჩანს, არც კი იცის, რა როლი აქვს საქართველოს ისტორიაში ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში [გიორგი კობახიძეს].

რაც შეეხება ვერბალურ გაცვლა-გამოცვლას. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, როცა ვთქვით, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ქართული დემოკრატიის არის ის მაპოლარიზებელი რიტორიკა, რომელიც, სამწუხაროდ, მათ შორის მედიის მხრიდან არის წახალისებული“, — განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ჟურნალისტის კითხვაში იმხელა შეურაცხყოფა, კლიშე და დისკრედიტაცია იყო ჩადებული, რომ „გამეორებაც კი რთულია“.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიები მედიას და არასამთავრობო ორგანოებს იყენებს ტემპერატურის ასაწევად.

ორშაბათს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი