ახალი ამბები

“ოცნების” თავმჯდომარემ თავად დაკარგა სახე – მელია კობახიძეზე

25 ივლისი, 2022 •
“ოცნების” თავმჯდომარემ თავად დაკარგა სახე – მელია კობახიძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია მეხმიანება მართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ჟურნალისტთვის მიყენებულ შეურაცხყოფას  და ამბობს, რომ კობახიძემ თავად დაკარგა სახე. აღნიშნული განცხადება მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ქართული ოცნების თავმჯდომარემ რომ თავად დაკარგა სახე, ეს ყველამ ერთად ვნახეთ. მთელ ამ ისტერიაში არსებითი ორი რამ არის. ერთი ის, რომ იგი თავს ესხმის ჟურნალისტს უმძიმესი ფორმითა და სტილით, რაც წარმოაჩენს მის ძალიან არასახარბიელო მდგომარეობას. და მეორე, იგი აცხადებს რომ დავით არახამიას თავად უკრაინელები დაასანქცირებენ იმის გამო, რა დღეშიც ჩააგდო უკრაიანა და უკრაინელები… არახამია და უკრაინა ისევ ომის დაწყებაში დაადანაშულა.

მაგრამ რა გასაკვირია ეს იმ პარტიის ლიდერისგან, რომელიც ამ ბინძურ ნარატივს თავის დროზე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ იყენებდა?! ირაკლი, პრორუსობა და კაგებეს საქმის კეთება მეტი კი არაფერია!
დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურე ის, რაც ზოგმა დიდი ხანია და ზოგმა შედარებით ნაკლები, მაგრამ ყველამ უკვე კარგად ვიცით!”, – აცხადებს მელია.

დღეს, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”, “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”.

ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

კობახიძემ “არაკაცი” უწოდა არახამიას და თქვა, რომ მას “სანქციებს უკრაინელი ხალხი გამოუტანს იმ ყველაფრის ფონზე, რაც მან მოუტანა უკრაინას”. მისი თქმით, არახამია ძალიან ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი, რასაც უკრაინელი ხალხი შეფასებს.

დავით არახამიამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში, რომელიც გუშინ, 24 ივლისს გამოქვეყნდა, საქართველოზე ისაუბრა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ევროპა სანქციებს დაუწესებს, რის შემდეგაც ის “წავა იქ, სადაც მთელი ცხოვრება ფულს აკეთებდა – რუსეთში”. ამასთან, თქვა, რომ სანქციები ემუქრება როგორც ივანიშვილს, ასევე მის გარემოცვასაც.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძეზეც. არახამიას თქმით, არ იცოდა, ვინ იყო კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი ნახა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი