ახალი ამბები

“თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტები” – მდინარაძე ჟურნალისტებს

25 ივლისი, 2022 •
“თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტები” – მდინარაძე ჟურნალისტებს

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მან გაამართლა ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები და ჟურნალისტს უთხრა, რომ “ათჯერ უარესი რომ არ უთხრა” კობახიძემ, ძალიან გაუკვირდა”. შემდეგ კი ჟურნალისტებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

“მეც მიმძიმს ამ თქვენი მძიმე პროვოკაციების მოთმენა, მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგვარად. ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. თქვენ იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ…

მე რომ გითხრათ ახლა, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია და აქამდე არ გეუბნებოდით. თქვენ, თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით ადამიანებს და მის ქეისებს, არ იმჩნევთ საერთოდ, ვინაიდან ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და, საბოლოო ჯამში, რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები”, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ აყენებდა შეურაცხყოფას მდინარაძე მათ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა:

“სასარგებლო იდიოტი იცით, რა არის ტერმინი? იდიოტები ხომ არ მითქვამს. ნახეთ, რა დაგემართათ ახლა”.

მდინარაძის გამოსვლამდე ჟურანლისტებთან კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ, რა დროსაც მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”, “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”.

ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მან არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი