„თქვენ ვერ გამახსენებთ ვერც ერთ თავდასხმას რომელიმე ქართველი თანამდებობის პირისგან ამერიკის ელჩის მიმართ. არცერთი ასეთი თავდასხმა არ ყოფილა. ერთადერთი რაც იყო, დაისვა კითხვები“, – ასე დაიწყო „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ ვის გულისხმობდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისი „მაღალჩინოსნებში“.
მანამდე ნედ პრაისმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან.
„პირველი თემა უკავშირდებოდა მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს. როდესაც მოსამართლე ბრალს დებს საელჩოს თანამშრომელს ზეწოლაში ელჩის სახელით, ამაზე ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ დაისვას კითხვები. ეს ვერ შეფასდება თავდასხმად.
ასევე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კოლეგის, პარლამენტარის, მიშა ყაველაშვილის მხრიდან დაისვა რამდენიმე შეკითხვა. ერთია, რამდენად შეგვიძლია ჩავერთოთ ამ დისკუსიაში, მაგრამ როდესაც ხდება ეს კითხვები საჯარო დისკუსიის საგანი, მაგალითად, რამდენად ემიჯნება ან არ ემიჯნება ელჩი ომის რიტორიკას, როდესაც ეს კითხვები ისმება, შემდეგ მნიშვნელოვანია ელჩის მხრიდან პასუხების მიღება.
როდესაც მარტივი შეკითხვები ისმის, რომელზეც ელჩს შეუძლია მარტივი პასუხის გაცემა და ამით წერტილის დასმა და ეს არ კეთდება, ეს ეჭვებს აღრმავებს. ეს არ არის თავდასხმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, როცა ელჩი არ სცემს კითხვებს პასუხებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას კიდევ უფრო უღრმავდება ეჭვები.
„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ომის რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისგან მოდის.
ამერიკის შეერთებული შტატები დაადანაშაულა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემაც, რომლის განცხადებითაც, ამერიკაში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.
ნედ პრაისის განცხადებით, „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.