ახალი ამბები

არაფერს პირადად არ ვიღებ, წარმოვადგენ პრეზიდენტს – ელჩი დეგნანი კრიტიკაზე

21 ივლისი, 2022 • 710
არაფერს პირადად არ ვიღებ, წარმოვადგენ პრეზიდენტს – ელჩი დეგნანი კრიტიკაზე

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ მისი კრიტიკის ფონზე, ხაზს უსვამს, რომ იგი, როგორც დიპლომატი, ამერიკელ ხალხსა და ამერიკის პრეზიდენტს წარმოადგენს.

„[ნედ პრაისმა] თქვა, რომ პარტნიორები ერთმანეთთან ასე არ ურთიერთობენ. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია. მე დიპლომატი ვარ. მე წარმოვადგენ შეერთებული შტატების ხალხს. არაფერს, რაც აქ, ელჩის რანგში ჩემი ყოფნისას ხდება, პერსონალურად არ ვიღებ. მე წარმოვადგენ ამერიკის ხალხს და შეერთებული შტატების პრეზიდენტს. რაც ბატონმა პრაისმა თქვა, მართალია. ჩვენ ურთიერთპატივისცემით უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს“, – განაცხადა ელჩა დეგნანმა 21 ივლისს.

„ჩვენ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს ისე, როგორც პარტნიორებს შეჰფერით. ვფიქრობ, სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. როდესაც ისმის მინიშნებები, ჭორები, სპეკულაციები და კომენტარები, რომლებიც არ არის დაფუძნებული ფაქტებზე, ეს შეიძლება ძალიან დამაბნეველი იყოს ქართველი ხალხისთვის. არა მგონია, რომ ეს დიალოგისთვის სასარგებლო იყოს“, – განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, „ბევრად უფრო შესაფერისი მიდგომაა განსხვავებების განხილვა პირისპირ“, კერძო საუბრებში:

„როგორც იმ დღეს ვთქვი, – ბუნებრივია, როცა გაქვს პარტნიორობა, მეგობრობა, იქნება უთანხმოება. ეს მართალია, ეს ყველამ იცის. მაგრამ ამის განხილვის საუკეთესო გზა არის ამის გაკეთება პირადად. და თუ ეს აუცილებელია, ისაუბრო საჯაროდ, როგორც ხანდახან ვავრცელებთ საჯარო განცხადებებს, როდესაც შეშფოთებულნი ვართ მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებებით, რაც არ შეესაბამება საუკეთესო პრაქტიკას და არ ეხმარება საქართველოს ევროატლანტიკური გზაზე, რომლისკენაც ის ისწრაფვის. ასე რომ, მე ვიტყოდი, გულწრფელად, ფუნდამენტურად, როგორც დიპლომატს, ყოველთვის მირჩევნია [განხილვა] პირადად, მაგრამ, ყოველთვის პატივისცემით. ვფიქრობ, ამას ყველა იმსახურებს“.

ელჩის ამ სიტყვებს წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, რომლის თანახმადაც:

  1. „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და
  2. „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი