ახალი ამბები

ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული – სარჯველაძე პრაისის განცხადებაზე

21 ივლისი, 2022 •
ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული – სარჯველაძე პრაისის განცხადებაზე

„ვაითუ, კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ მისკომუნიკაციას აქვს ადგილი. იმიტომ, რომ მე არ მგონია, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან აშშ-ის ელჩზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას.

ნედ პრაისის განცხადებით, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე პერსონალური თავდასხმები პარტნიორულ ურთიერთობებთან შეუსაბამოა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, ნედ პრაისის შეფასება არასწორია და ვერ დაეთანხმება.

„რაც შეეხება საკითხებს, რაზეც საზოგადოებაში დისკუსია გაჩნდა, ამასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ გამოვიდა მოსამართლე და თქვა ის, რაც თქვა. ამ თემაზე საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა. ცალკეულ პოლიტიკოსებსაც გაუჩნდათ კითხვები და არ ვიცი… მაგალითად, გუშინ ჯერ კიდევ ნედ პრაისის განცხადებამდე ვთქვი, რომ კარგი იქნება, ამ მიმართულებით ღრუბლები გაიფანტოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საუბარია „ქართული ოცნების“ მოქმედი და ყოფილი წევრების მხრიდან აშშ-ის ელჩის კრიტიკაზე, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლის მხრიდან მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაზე განაცხადა.

მაგალითად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  აშშ-ის ელჩმა ან მკაფიოდ უნდა უარყოს მოსამართლეზე ზეწოლა, ან „ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“. კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩისგან ვერ მოისმინა განცხადება, რომ საელჩოდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეწოლას „არავინ იკადრებდა“.

თუმცა თავად სარჯველაძე ამბობს, რომ ამ ამბავში „უბედურებებს და კანონდარღვევებს“ ვერ ხედავს.

„მე არ მაქვს განცდა იმისა, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს უბედურებებს, კანონდარღვევებს და ასე შემდეგ, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ თავად ელჩის განმარტება იყო, რომ მეგობრებს შორისაც შეიძლება არსებობდეს გარკვეული უთანხმოება, განსხვავებული ხედვები და ამასთან დაკავშირებით ლაპარაკი აუცილებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და მისცა ერთგვარი საგზაო რუკა იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. თუმცა, პრაისის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი