საზოგადოება

ვაშინგტონი: პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე შეუსაბამოა პარტნიორობასთან

21 ივლისი, 2022 •
ვაშინგტონი: პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე შეუსაბამოა პარტნიორობასთან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოში ელჩ კელი დეგნანსა და მის გუნდს. ამის შესახებ დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა ბრიფინგზე.

აღსანიშნავია, რომ ნედ პრაისმა საქართველოსა და დეგნანის საკითხზე განცხადება საკუთარი ინიციატივით გააკეთა, ჟურნალისტის შეკითხვის გარეშე. მეტიც, პრესკონფერენცია ამ თემით დაიწყო.

“ისინი [დეგნანი და საელჩოს თანამშრომლები] მოწადინებული არიან, რომ იმუშაონ საქართველოს ხალხთან ერთად მათი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების განმტკიცებისთვის და გააგრძელებენ მხარდაჭერას მშვიდობიანი ძალისხმევისთვის, რათა დასრულდეს რუსეთის ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმართ”, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებას წინ უსწრებდა საქართველოში განვითარებული პროცესები, როდესაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კვალდაკვალ, პარტიის საპარლამენტო ლიდერებმა აქტიურად დაიწყეს საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის კრიტიკა.

ნედ პრაისმა ბრფინგზე განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და მისცა ერთგვარი საგზაო რუკა იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაც კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. თუმცა, პრაისის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან.

“დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას, მხარი დავუჭიროთ საერთო მიზნებს. 30 წელიწადი მხარდამხარ ვმუშაობდით დემოკრატიული რეფორმებზე, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოებაზე. ეს უცვლელი რჩება”, – განაცხადა პრაისმა და დასძინა, რომ შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობიან ძალისხმევას საქართველოს 20%-ის ოკუპაციის დასასრულებლად.

„შესაძლოა, ვიხილოთ საგარეო ორიენტირების შეცვლა“ – „ოცნება“ აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი