ახალი ამბები

„თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ — NGO-ები ჰარცელს

21 ივლისი, 2022 •
„თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ — NGO-ები ჰარცელს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს ქვეყანაში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან.

„თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად — დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.

განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ კარლ ჰარცელი პირადად იყო ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას, იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.

„განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.

თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედების დაფასებით“, — ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  1. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  3. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  4. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  5. ღია საზოგადოების ფონდი
  6. სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  8. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  9. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  10. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  11. ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)
  12. საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  13. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  14. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
  15. დემოკრატიის ინდექსი
  16. საქართველო დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
  17. უფლებები საქართველო
  18. სამოქალაქო იდეა
  19. გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
  20. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  21. ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
  22. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელების კრიტიკა კარლ ჰარცელისადმი, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, კარლ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.

ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა EU-სთან ურთიერთობაში – კობახიძე

ჰარცელს შეეძლო უკეთ ემუშავა, რომ კანდიდატის სტატუსი მიგვეღო – სამხარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი