ახალი ამბები

ბეზრუკოვი, ღამის მგლები, Русский мир და ოქრო EU-ს სანქციების პროექტში არიან

19 ივლისი, 2022 •
ბეზრუკოვი, ღამის მგლები, Русский мир და ოქრო EU-ს სანქციების პროექტში არიან

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტის პროექტის თანახმად, კრემლის მომხრე ბაიკერთა დაჯგუფება „ღამის მგლები“ ევროპაში მოგზაურობას ​​ვეღარ შეძლებს.

Euobserver-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი შეეხება „ღამის მგლებს“, სბერბანკს და მოსკოვის მერს.  „ღამის მგლების“ ლიდერის, ალექსანდრე ზალდოსტანოვის, მისი სამი თანამოაზრისა და თავად მოსკოვში რეგისტრირებული ბაიკერთა კლუბის ევროკავშირის შავ სიაში დამატების გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩების შეხვედრაზე დღეს, 18 ივლისს მიიღეს.

ახალი შავი სია 47 ფიზიკურ პირს და რვა ორგანიზაციას ეხება, ასევე, კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს. პირების უმეტესობა არიან რუსი სამხედრო მეთაურები, უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიებზე მყოფი რუსი პოლიტიკოსები ან უკრაინელი კოლაბორაციონისტები. თუმცა სიაში, ასევე, შედიან მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ომის პროპაგანდისტი ორი რუსი მსახიობი — სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, რუსი მაგნატი, Rostech-ის თავმჯდომარე სერგეი ჩემეზოვი და ადრე სანქცირებული რუსი ოლიგარქების რამდენიმე ნათესავი, რომლებიც ფულის დამალვაში არიან ეჭვმიტანილი.

მაგალითად, აპრილში შავ სიაში მოხვედრილმა ოლეგ დერიპასკამ ქონება საფრანგეთში, ვაშინგტონში და ავსტრიის ექსკლუზიურ სათხილამურო კურორტ ლეხში გადასცა თავის ბიძაშვილს, პაველ ეზუბოვს, ამიტომ ახლა იგეგმება ეზუბოვის აქტივების გაყინვა და მისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.

ეკონომიკური ზომების მიხედვით, ევროკავშირი ემზადება „აკრძალოს ოქროს პირდაპირი ან არაპირდაპირი იმპორტი, შეძენა ან გადაცემა, რომელიც წარმოადგენს რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ექსპორტს ენერგიის შემდეგ“.

თუმცა, პროექტის მიხედვით, ევროკავშირი ცვლის და ამსუბუქებს თავის წინა ზომებს, რათა არ დაჯარიმდნენ გადამზიდავი ფირმები, რომლებიც რუსეთიდან ევროკავშირის ბაზარზე საკვები შეაქვთ. EU ნაწილობრივ აუქმებს გაყინულ აქტივებს ბანკებისთვის, ეკონომიკურ რესურსებზე წვდომის აკრძალვას, რათა „აიცილოს შეფერხებები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობაში“. არცერთი სანქცია არ მოიცავს სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტებით, ხორბლით და სასუქებით ვაჭრობას მესამე ქვეყნებსა და რუსეთს შორის. იგივე ეხება სამედიცინო და ფარმაცევტულ პროდუქტებს.

Euobserver-ის მიერ ნანახი დოკუმენტის თანახმად, სანქციების ახალი პაკეტი ზღუდავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ საქმიანობას ევროპაში,  კრძალავს საზღვაო გადამზიდავ და იარაღის ფირმებს, ასევე, ნაციონალისტურ ჯგუფებს, როგორიცაა რუსეთის ახალგაზრდული ასოციაცია „ახალგაზრდა არმია“ და ფონდი „რუსკი მირი“.

ფონდი “Русский мир”, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 2007 წელს შეიქმნა და მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში რუსული რბილი ძალის ინსტრუმენტია. ოფიციალურად, ფონდის მიზანია რუსული ენის პოპულარიზება, რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების მხარდაჭერა რუსეთის ფედერაციაში და მის საზღვრებს გარეთ. ფონდის პროექტებს შორისაა რუსული ცენტრები საზღვარგარეთ. მათ შორის, Русский мир-ის ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებს რუსული ენის ცენტრი „აზბუკა“. მედიის განვითარების ფონდის 2019 წლის კვლევის თანახმად, ფონდ „რუსულ სამყაროს” პარტნიორებში საქართველოდან 46 სუბიექტი ჰყავს მითითებული, თუმცა რამდენიმე აკადემიურ დაწესებულებას ფონდთან ინსტიტუციური თანამშრომლობა არ აკავშირებს და მხოლოდ მათი ცალკეული თანამშრომლები ინდივიდუალურად ესწრებიან ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს. „რუსული სამყაროს” პარტნიორი ორგანიზაციები საქართველოში ძირითად კრემლის ისეთი პოლიტიკური პროექტების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობენ, როგორიცაა საქართველოში
ფაშიზმზე გამარჯვების დღის, 9 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით რუსული „უკვდავი პოლკის” ქართული „დანაყოფის“ მსვლელობა, „გეორგიევსკის ლენტების” დარიგება სხვადასხვა ქალაქებში, „აჭარის ოსმალეთის იმპერიისგან გათავისუფლებასთან” დაკავშირებული ღონისძიებები.

წყარო: მედიის განვითარების ფონდი

გარკვეული ზომების შემსუბუქების პარალელურად, ევროკავშირი ამკაცრებს სანქციების განხორციელებას. ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა წარუდგინონ ევროკომისიას ანგარიში, თუ რომელი აქტივები აღმოაჩინეს და გაყინეს, მაგალითად, ახალი ფიზიკური პირის ან ერთეულის სიაში შეტანიდან ექვსი კვირის შემდეგ.

უახლესი სანქციების პაკეტი მეშვიდეა მას შემდეგ, რაც რუსეთი თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. ევროკავშირმა ადრე აკრძალა რუსული ნავთობი და ქვანახშირი, შეიყვანა მისი ბანკების უმეტესობა შავ სიაში და დაასახელა ასობით ადამიანი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და მისი ოჯახი. სანქციების ახალი პაკეტს ევროკავშირი, სავარაუდოდ, ხვალ, 20 ივლისს დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი