საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დაცვა მისთვის ქვეყნის ინტერესებზე მნიშვნელოვანია.
საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე, სადაც ის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს სთხოვს, გაემიჯნოს ევროპარლამენტის რეზოლუციას და ევროკომისიის შეფასებაში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.
„რატომ წერს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს თავისი ქვეყნის უმდიდრესი ადამიანის სახელით, უგულებელყოფს ევროკომისიის სხვა პუნქტებს საჭირო რეფორმების გატარების შესახებ?
სხვა თუ არაფერი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მისი პრიორიტეტია, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის ინტერესები თავისი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს“, – დაწერა იან კელიმ ტვიტერზე.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი მთავრობის ადმინისტრაციამ დღეს, 18 ივლისს გამოაქვეყნა. წერილში ღარიბაშვილი უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი და ოლიგარქია. პრემიერი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერს და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და მზადყოფნას გამოთქვას, ამასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, ევროკომისიის პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.