პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე ამბობს, რომ რიგგარეშე სესიის დანიშვნით პრეზიდენტს სურდა დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმა, თუმცა პირიქით მოხდა. ამის შესახებ მან დღეს, 18 ივლისს, ბიუროს სხდომის შემდეგ განაცხადა.
ბიურომ მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესიის გახსნას.
გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტმა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედა, როცა რიგგარეშე სესია მოიწვია, ხოლო ბიუროს გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა ამაზე უარი განაცხადა.
„ჩვენთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც საპარლამენტო რესპუბლიკაში დეპუტატები აცხადებენ, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა შეიძლება იყოს დესტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ მიგვაჩნია პირიქით, რომ ოპოზიციამაც უნდა იმუშაოს იმ სამუშო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია და ასევე უმრავლესობას უნდა მიეცა თანხმობა ,დღეს რომ გახსნილიყო რიგგარეშე სესია. პრეზიდენტმა იმოქმედა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც მიმართა 46-მა დეპუტატმა რიგგარეშე სესიის მოთხოვნის შესაბამისად და პრეზიდენტმა, 44-ე მუხლის თანახმად, 18 ივლისს დანიშნა რიგგარეშე სესია.
ბიუროს სხდომაზე იყო განხილვა დღის წესრიგთან დაკავშირებით, არ ვიცი, ლამის ჩვენ მოგვთხოვეს დღის წესრიგის შედგენა. რეგლამენტის თანახმად, სწორედ ბიუროა პასუხისმგებელი დღის წესრიგის შედგენაზე. ასე რომ, ამ შემთხვევაში ისრების ჩვენკენ გამოშვერა ცოტა უხერხულია.
უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად ყველა ფორმატში, როგორც სასესიო, ისე არასასესიო ფორმატში, უნდა მიმდინარეობდეს მუშაობა, რათა შესრულდეს ის 12 პუნქტი, რაც ევროკავშირმა წამოგვიყენა შესასრულებლად“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა და რიგგარეშე სესია მოიწვია.
რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.
ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც 18 ივლისიდან უნდა დაიწყოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხებოდა.
თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნება” პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის 81 დეპუტატიდან რიგგარეშე სესიის სხდომაზე არავინ მივა და, შესაბამისად, სხდომისთვის საჭირო კვორუმი(76 დეპუტატი) ვერ შედგება. შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.
მიქანაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილილის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.
ამასთან, მიქანაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 2022 წელს “ქართული ოცნება” საერთოდ არ გეგმავს. ესაა ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც ოპოზიცია ითხოვს ამ სხდომაზე.