ახალი ამბები

“დოჟდი” დღეიდან მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს

18 ივლისი, 2022 • 889
“დოჟდი” დღეიდან მუშაობას ნაწილობრივ განაახლებს

ოპოზიციური რუსული ტელეკომპანია “დოჟდი” გეგმავს, 18 ივლისს მაუწებლობა ნაწილობრივ განაახლოს. აღნიშნულის შესახებ ტელეარხის გენერალური დირექტორი ნატალია სინდეევა გამოცემა “ხოლოდს” ესაუბრა.

“დოჟდის” რედაქცია გეგმავს, Youtube-ის მეშვეობით შესთავაზოს მაყურებელს საღამოს პროგრამა პირდაპირ ეთერში, ასევე, რამდენიმე საავტორო გადაცემა. სინდეევას თქმით, “დიდი, სერიოზული გაშვება” შემოდგომიდან იგეგმება.

“ხოლოდთან” ინტერვიუში ნატალია სინდეევამ ხაზი გაუსვა, რომ “დოჟდმა”, რომელიც იძულებული გახდა, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ მუშაობა შეეჩერებინა, ლატვიაში  მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია.

მანვე დასძინა, რომ რუსეთის შიგნით ტელეკომპანიის მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იყო, ვინაიდან იქმნებოდა ჟურნალისტების დევნის საფრთხე კრემლის პოზიციასთან შეუსაბამო ნებისმიერი პუბლიკაციისთვის.

“დოჟდის” Youtube არხზე, რომელსაც 3.2 მილიონი გამომწერი ჰყავს, უკვე გამოჩნდა გადაცემის “აქ და ახლა” ანონსი, რომელიც 18 ივლისს, 20:00 სააზე უნდა გავიდეს ეთერში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ “დოჟდი”, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა ომის კრიტიკულად გაშუქების გამო. საბოლოოდ, იმავე თვეში, ტელეარხი იძულებული გახდა, დროებით შეეჩერებინა მუშაობა.

“დოჟდის” ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დრაკონული კანონის მიღება რუსეთში, რომლის ძალითაც მედიასაშუალებებს აეკრძალათ უკრაინაში შეჭრაზე კრემლისგან განსხვავებული ვერსიის გავრცელება. ვინც ამ კანონს არ დაემორჩილება, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მას შემდეგ, რაც “დოჟდმა” მუშაობა შეაჩერა, ტელეარხის არაერთმა ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა.

ივნისში ცნობილი გახდა, რომ ტელეარხმა ლატვიაში მიიღო მაუწყებლობის ლიცენზია, რასაც, ლატვიის “ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს” თანახმად, წინ უძღოდა თითქმის 3-თვიანი მოლაპარაკებები.

ხსენებული ლიცენზიის მიღების შემდეგ “დოჟდის” მთავარმა რედაქტორმა ტიხონ დზიადკომ დაწერა, რომ ტელეარხი მაუწყებლობას გეგმავს ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან.

3 თვეზე მეტია, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მეტად გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა, რის ფონზეც არაერთი კრიტიკული მედიასაშუალება იძულებული გახდა, შეეჩერებინა მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი