ახალი ამბები

წინასაარჩევნო გარემო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით

16 აპრილი, 2010 • 1255
წინასაარჩევნო გარემო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით

წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ შესულა, თუმცა საიას ინფორმაციით, გამგებლებმა საჩუქრების და ფულადი დახმარებების გაცემა უკვე დაიწყეს.  მომავალი კანდიდატების მიერ განხორციელებული ქმედებები  მათ დარეგისტრირებამდე უკანონოდ არ ითვლება.

 არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ (nGnI) წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ერთერთი მთავარი საკითხი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაა.

წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგს ახორციელებენ ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და ”სამართლიანი არჩევნებისა და დამოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც”. მათი მონიტორინგის შედეგები ოფიციალურად არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა წინასწარ შეფასებებს უკვე აკეთებენ.

nGnI –ში ამბობენ, რომ „ფაქტობრივად ქვეყანა წლის დასაწყისიდან ცხოვრობს წინასაარჩევნო გარემოში. არჩევნების დანიშვნამდე გამოჩნდა რამოდენიმე კანდიდატის ბილბორდები და პლაკატები“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს ნინო ლომჯარიას. მისი თქმით, წინასაარჩევნო კამპანია ჯერჯერობით აქტიურ ფაზაში არ არის შესული. ამ აზრს ”სამართლიანი არჩევნების” პიარ მენეჯერი, ნინი დოლიძეც იზიარებს, თუმცა თვლის რომ ამ მხრივ  წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი ბევრად უკეთესია:

”წინა არჩევნების დროს ორი თვით ადრე წინასაარჩევნო კამპანია საერთოდ არააქტიური იყო, ეხლა უკვე შეინიშნება მცირე აქტივობები, მაგალითად  ”ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობა” ხშირად ხვდება ამომრჩვლებს, ასევე ზოგიერთ ოლქში აქტიურები არიან ”ალიანსი საქართველოსთვის” და ”ნაციონალური მოძრაობა”. თუმცა ეს ტენდენციები ჯერ ისეთი გამოკვეთილი არ არის, რომ  რომ ამომრჩველმა არჩევანის გაკეთება შეძლოს.

იმის გამო, რომ პარტიებს ჯერჯერობით კანდიდატები დარეგისტრირებული არ ყავთ, ორგანიზაციები კონკრეტულ დარღვევებზე ვერ საუბრობენ. რადგან ოფიციალურად დარეგისტრირების გარეშე  კანონი კანდიდატების მიერ განხორციელებულ ქმედებებს არაკანონიერად არ თვლის.

–ზოგადად რომ შევაფასოთ სიტუაცია, არსებობს ტენდენციები, რომ გამგებლები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო მზადებაში,  თანამშრომლობენ მმართველ პარტიასთან. ადგილობრივი თვითმმართველობები ოჯახებში მიდიან, ჩუქნიან საჩუქრებს, ფულად დახმარებეს აძლევენ, ბინების გადაცემის ფაქტებიც იყო. არის შემთხვევები, როცა შვებულებაში მყოფი გამგებლები მაინც მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში– აცხადებს იურისტი ნინო ლომჯარია და აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტებს, უკვე გადამოწმებულს და კონკრეტულად წარმოდგენილს, საზოგადოებას ერთ კვირაში წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიშში წარუდგენს.

ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასაც აფასებენ.

 სამართლიანი საქართველოს წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის ხარისხს დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მათი მხრიდან ამომრჩველთა ინფორმირების უფრო ფართომასშტაბიანი კამპანიის დაგეგმვა: „რეკლამები კი გადის ტელევიზორში,მაგრამ მაინც უფრო მეტად დედაქალაქის მოსახლეობის ინფორმირება ხდება. რეგიონის მოსახლეობას მეტი ინფორმირება ჭირდება“ -აცხადებს ნინი დოლიძე.

ინფორმირების ნაკლებობაზეა საუბარი nGnI–ს შუალედურ ანგარიშშიც, თუმცა მათი აზრით ინფორმირება არა მხოლდ მოსახლეობას, არამედ პოლიტიკურ პარტიებსაც ჭირდებათ:

„საკმაოდ მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების განვითარებისა და ცნობიერების ასამაღლებლად ე.წ პოლიტიკური არხის შექმნა, რომელიც ადრე მოქმედი მეორე არხის ბაზაზე ჩამოყალიბდა და წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილს. მას შეუძლია დიდი როლი შეასრულოს საზოგადოების ინფორმირებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის შეზღუდული სატელევიზიო რესურსების შევსების საქმეში.“

„ახალი თაობა ახალი ინიციატივის“ ანგარიშში ასევე საუბარია  პოლიტიკური პარტიებისთვის სარეკლამო და პლაკატების გასაკრავი ადგილების ნუსხის სიმცირეზე, როგორც დედაქალაქში ასევე სხვა ქალაქებში: რუსთვში, გურჯაანში, სენაკში, ზუგდიდსა და საგარეჯოში. „მოსალოდნელია აღნიშნული რესურსის სიმწირემ გამოიწვიოს უკმაყოფილება პოლიტიკური პარტიების მხრიდან.  სასურველია დროულად მოხდეს დამატებითი შენოებებისა და სარეკლამო ადგილების გამოყოფა თვითმმართველობის არჩვნებისთვის.“

სამართლიანი არჩევნები კი აცხადებს, რომ აუცილებელია პარტიებისა და კანდიდატების აქტივობის გაზრდა:

„26 პარტიაა დარეგისტრიტებული ცესკოში და უმრავლესობას არ იცნობს ხალხი, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეხვდნენ ამომრჩვლებს და წარადგინონ თვიანთი პროგრამაც“ – ამბობს დოლიძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველ შუალედურ შედეგებს სრული სახით ოფიციალურად დაახლოებით ერთ კვირაში, ”სამართლიანი არჩევნები” კი ხვალ გამოაქვეყნებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი