ახალი ამბები

ახლა გამართლებული არ არის შესვენება – ზურაბიშვილი რიგგარეშე სესიის მოწვევაზე

15 ივლისი, 2022 • 1063
ახლა გამართლებული არ არის შესვენება – ზურაბიშვილი რიგგარეშე სესიის მოწვევაზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ახლა შესვენება გამართლებული არაა და სწორედ ამიტომ მოაწერა ხელი რიგგარეშე სესიის მოწვევას. ამის შესახებ მან დღეს, 15 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც მოუწოდა, სრულად ჩაერთონ ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაში.

„ჯერ ერთი, მინდა, ისიც იყოს ნათელი, რომ არც ბულინგისა და არც ზეწოლის შედეგად არ ვაწერ ხელს. მგონი, რომ ეს ყველამ უკვე კარგად იცის და მადლობა ზრუნვისთვის. მოვაწერე ხელი იმიტომ, რომ მიმაჩნია, დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან. ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ ექვს თვეში თუ შვიდ თვეში თუ რაც იქნება, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად, მიმაჩნია, რომ სესიის მოწვევა არის გამართლებული. ახლა გამართლებული არ არის შესვენება, ასევე გამართლებულია კომიტეტები და კომისიები.

მე მოვუწოდებ ყველას, ოპოზიციასაც და ხელისუფლებას, უმრავლესობას, რომ სრულად მიიღონ მონაწილეობა ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები, რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად და ყველა ის საკითხი, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი, ერთად ყოფნით, დიალოგით და პარლამენტში ყოფნით გადაწყვეტილი იყოს. ეს არის ამ ქვეყნის ერთადერთი პერსპექტივა. ის ევროპული პერსპექტივა, რომელიც მივიღეთ და არავის აქვს უფლება, ამ პერსპექტივიდან და ამ გზიდან გადაგვიყვანოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა გაითვალისწინა და რიგგარეშე სესია მოიწვია.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც  18 ივლისიდან უნდა დაიწყოს,  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხება.

მასალების გადაბეჭდვის წესი