კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მიესალმება სასამართლოზე ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას.
საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, რომლის განცხადებაც დღეს, 15 ივლისს, რუსთავი 2-მა გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან მოხსნეს. მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან) შეხვედრა ჰქონდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო „ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“.
„სასამართლოს დამოუკიდებლობის პრაქტიკაში უზრუნველყოფისათვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში კანონით სათანადოდ უზრუნველყოფილია, პირველ რიგში, მოსამართლეები და მოსამართლეთა კორპუსი უნდა იბრძოდნენ, ხმას იმაღლებდნენ სწორედ მაშინ, როცა ამ სიკეთეს თავს ესხმიან.
ამიტომაც მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის…“ – წერს წულიკიანი სოციალურ ქსელში.
ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა „ნეტგაზეთისთვისაც“.
„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:
„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.
აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ. მან ასევე თქვა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“.
ამის შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
გვარამიას საქმის მოსამართლე ადასტურებს, რომ აშშ-ის პროგრამიდან მოხსნეს