ახალი ამბები

„ფსკერია“ – მეზვრიშვილი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე

15 ივლისი, 2022 •
„ფსკერია“ – მეზვრიშვილი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის სახელით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ განცხადების შინაარსი არის „ფსკერი“.

საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეზე, რომლის განცხადებაც დღეს, 15 ივლისს, რუსთავი 2-მა გაავრცელა.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ გვარამიასთვის გამოტანილი განაჩენის შემდეგ მოხსნეს აშშ-ში დაგეგმილი სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან.

მოსამართლე ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკთან) შეხვედრა ჰქონდა, რომელიც მისი შეფასებით, იყო „ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“.

ნათია მეზვრიშვილის თქმით კი, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ეს განცხადება ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მოსამართლის პირით აგრძელებს აშშ-ის საელჩოზე იერიშის მიტანას.

„ვინც მიცნობს, იცის, არასოდეს რიგით პროკურორზე, გამომძიებელზე, მოსამართლეზე კრიტიკა არ დამცდენია. რასაც აქ ხედავთ, ფსკერია. ასეთი მოსამართლეები, პროკურორები, გამომძიებლები პოლიტიკურ ხელმძღვანელობაზე არანაკლებ არცხვენენ და ვნებენ სისტემას.

„ოცნებას“ სამეული არ ეყო ამერიკის საელჩოზე იერიშის მისატანად და მოსამართლის პირით აგრძელებს. ვინც ამას შეუერთდება, არანაკლებ ავნებს, პირველ რიგში, სისტემას და ვერასოდეს ჩამოირეცხავს სირცხვილს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნათია მეზვრიშვილმა.


ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამერიკის შეერთებული შტატებში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნეს. აღნიშნული ინფორმაცია ასევე ცნობილი გახდა „ნეტგაზეთისთვისაც“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, რომელმაც ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო:

„ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ, მიმართეთ აშშ-ის საელჩოს“.

აშშ-ის საელჩოში კი აცხადებენ, რომ ზოგადად, პროგრამის მონაწილეების შერჩევის პროცესზე კომენტარი ან ახსნა არასდროს კეთდება.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოითხოვა განმარტების გაკეთება, რომ მათ სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ.  მან ასევე თქვა, რომ „ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებდნენ“.

ამის შემდეგ შტატებში არ გაემგზავრა ამავე პროგრამის მონაწილე დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლეც.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს 3.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა „რუსთავი 2-ის“ დირექტორობისას მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილების გამო. გავლენიანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას საქმე გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი