საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ არ შეუერთდა საქართველო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის მხარდამჭერ განცხადებას.
40-ზე მეტმა ქვეყანამ და ევროკავშირმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელის მხარდაჭერის შესახებ. განცხადებაზე ხელმომწერებს შორის არ არის საქართველო, რომელმაც მანამდე, 40-მდე ქვეყანასთან ერთად, მიმართა ჰააგაში მდებარე კიდევ ერთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით.
უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეტანილი აქვს ჰააგაში, როგორც გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), ისე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC).
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც და ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მხარდამჭერ განცხადებაზე ხელმოწერისგან თავშეკავებას კი საგარეო უწყება იმით ხსნის, რომ ეს გულისხმობს სამართლებრივ პროცესში პოტენციურ მესამე მხარედ ჩართულობას და შესაძლოა, თავად საქართველოს წარმოებულ პროცესებზე იქონიოს გავლენა.
„ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას, ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „ნეტგაზეთისთვის“ წერილობით მიწოდებულ კომენტარში.
ცნობისთვის, საქართველოს აქვს სახელმწიფოთაშორისო დავები რუსეთთან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC), გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ) აგვისტოს ომის საქმის განახლების ათწლიანი ვადა კი ამოწურულია და თბილისს დავის განახლება არ უცდია.
ICJ-ში საქმის დაბრუნებას გადავწყვეტთ, თუ მოგების წინაპირობებში დავრწმუნდებით – ლორთქიფანიძე
საქართველო არაა ჰააგაში უკრაინის სარჩელის მხარდამჭერ 40-ზე მეტ ქვეყანას შორის