ახალი ამბები

ICJ-ში საქმის დაბრუნებას გადავწყვეტთ, თუ მოგების წინაპირობებში დავრწმუნდებით – ლორთქიფანიძე

8 თებერვალი, 2021 • 1120
ICJ-ში საქმის დაბრუნებას გადავწყვეტთ, თუ მოგების წინაპირობებში დავრწმუნდებით – ლორთქიფანიძე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჯერ არ გადაუწყვეტია, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, შეეცდება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის დაბრუნებას გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ).

საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გაცხადებული ჰქონდა, რომ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეეცდებოდა “საქმის შებრუნებას” გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში (ICJ), რომელმაც საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი წარმოებაში არ მიიღო. ჰააგის ტრიბუნალში განმეორებითი განაცხადის შეტანის ვადა კი მიმდინარე წლის პირველ აპრილს იწურება.

ლორთქიფანიძის თქმით, საქართველოს მიდგომა ითვალისწინებდა სასამართლოებს შორის იურიდიული დიალოგის ფენომენის გამოყენებას, ანუ სტრასბურგის სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო (ICC) სასამართლოში  ერთიანი პროცესის ფარგლებში, მტკიცებულებათა ერთი და იგივე ბაზის საფუძველზე მართვას. ლორთქიფანიძის თქმით, ქართული მხარე აკეთებს აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ანალიზს და ამის მიხედვით უკვე კონკრეტულად ჩამოყალიბდება გაერო-ს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში პროცესის გაგრძელების თაობაზე.

“[ერთიანი] სტრატეგია არის არა მარტო ჰააგის მართლმსაჯულების სასამართლოსთან, არამედ ნებისმიერ სასამართლოსთან. მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დავრწმუნდებით, რომ არსებობს ამ საჩივრის მოგების სამართლებრივი და პოლიტიკური წინაპირობები. მოლოდ ასეთი ანალიზის საფუძველზე შევჯერდებით და მივიღებთ გადაწვეტილებას”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.


საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ისე — ჰააგაში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. ამ უკანასკნელ სარჩელში საქართველო საუბრობდა არა მარტო აგვისტოს ომზე, არამედ რუსეთის როლზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში განვითარებულ პროცესებში 1990-იანი წლებიდან და მოსკოვს ადანაშაულებდა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებების დარღვევაში.

საპასუხოდ 2009 წლის ბოლოს რუსეთმა, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივოქმედი წევრია, ICJ-ში შეიტანა ორი შუამდგომლობა, რომ მართლმსაჯულების სასამართლოს იურისდიქციაში არ შედიოდა საქართველოს სარჩელის განხილვა, რადგან:

  1. რუსეთი არ წარმოადგენა მხარეს საქმეში;
  2. საქართველომ დაარღვია CERD-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა და სარჩელის შეტანამდე მოპასუხე მხარესთან მოლაპარაკების ეტაპი არ გაუვლია.  

სასამართლომ არ გაიზიარა პირველი შუამდგომლობა, მიიჩნია რა, რომ რუსეთი რეალურად იყო ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით დავის მხარე, თუმცა ამის დოკუმენტურად დადასტურება შესაძლებელი იქნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდიდან და არა — მანამდე. სასამართლომ გაიზიარა რუსეთის მეორე არგუმენტი და 2011 წლის პირველ აპრილს უარი თქვა საქმის არსებით განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს არ ამოუწურავს CERD-ის კონვენციით გათვალისწინებული მოლაპარაკებების მექანიზმი და სასამართლოს “არ გააჩნია უფებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი”.

იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს გაცხადებული ჰქონდა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ICJ-ში საქმის შეტრიალებას შეეცდებოდა.

საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს წესდების თანახმად, მხარეს ერთსა და იმავე საქმეზე, ახლად გამოვლენილი გარემოების საფუძველზე, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება პირველი გადაწყვეტილებიდან 10 წლის განმავლობაში აქვს. ეს ვადა საქართველოსთვის 2021 წლის აპრილამდეა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ:

სტრასბურგის განაჩენი აგვისტოს ომის საქმეს გაერო-ს სასამართლოში დააბრუნებს?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი