„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საგანგაშოა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, ევროკომისია საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიშსს 2023 წლის ოქტომბრისთვის მოამზადებს.
მისი თქმით, ამ ინფორმაციაზე ოპოზიციას შესაბამისი რეაქცია უნდა ჰქონდეს.
„ძალიან სამწუხარო და საგანგაშო ინფორმაციაა. ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რა რეაქცია უნდა გქვონდეს, მათ შორის ოპოზიციას, და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ „ტვ პირველთან“.
დღეს, 13 ივლისს, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისია „2023 წლისთვის“ მოამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციას, – ნაცლვად 2022 წლის დეკემბრისა, როგორც ეს მანამდე იყო განსაზღვრული.
მიხაელ რუპს 2023 წლის კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია.
„ნეტგაზეთს“ ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ამ განრიგით საქართველოზე „გაფართოების შესახებ ანგარიში“, სავარაუდოდ, მომზადდება 2023 წლის ოქტომბრისთვის, “თუ პროცესი არ დაჩქარდება”. სწორედ 2023 წლის დეკემბერში გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გადაწყდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
სავარაუდოდ, 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი