ახალი ამბები

ევროკომისიამ გაიმეორა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური დროის დაწესება – იონათამიშვილი

13 ივლისი, 2022 •
ევროკომისიამ გაიმეორა ის, რაზეც ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური დროის დაწესება – იონათამიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი რატი იონათამიშვილი ეხმიანება ევროკომისიის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, საქართველოსთვის განსაზღვრული 12 კრიტერიუმის შესრულებაზე ანგარიში 2023 წლის ოქტომბრისთვის მომზადდება.

იონათამიშვილის თქმით, ევროკომისიამ გაიმეორა ის, რასაც მმართველი გუნდის წევრები ამბობდნენ.

„ფაქტობრივად, ევროკომისიამ გაიმეორა იგივე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება ცაიტნოტური დროის დაწესება და მსგავსი პრეცედენტის შექმნა სახელმწიფოებისთვის. მიუხედავად ამისა, ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ პროაქტიულ რეჟიმში მუშაობას ყველა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც ავიღეთ“, – განაცხადა იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან.


დღეს, 13 ივლისს, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების მთავარი დირექტორატის (DG-NEAR) წარმომადგენელმა, მიხაელ რუპმა, ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკომისია „2023 წლისთვის“ მოამზადებს ანგარიშს იმის შესახებ, თუ როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის მიერ გაწერილ 12 რეკომენდაციას, – ნაცლვად 2022 წლის დეკემბრისა, როგორც ეს მანამდე იყო განსაზღვრული.

მიხაელ რუპს 2023 წლის კონკრეტული თარიღი არ დაუზუსტებია.

„ნეტგაზეთს“ ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი, ინფორმირებული წყარო ეუბნება, რომ ამ განრიგით საქართველოზე „გაფართოების შესახებ ანგარიში“, სავარაუდოდ, მომზადდება 2023 წლის ოქტომბრისთვის, “თუ პროცესი არ დაჩქარდება”. სწორედ 2023 წლის დეკემბერში გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც უკვე გადაწყდება, მიენიჭება თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

სავარაუდოდ, 2023-ის ბოლოს გადაწყდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის საკითხი

მასალების გადაბეჭდვის წესი