ახალი ამბები

„ოცნება“ დეპუტატებმა კიდევ 3 საკრებულოში დატოვეს

13 ივლისი, 2022 •
„ოცნება“ დეპუტატებმა კიდევ 3 საკრებულოში დატოვეს

„ქართული ოცნება“ კიდევ სამი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დატოვეს.

მმართველი პარტიის რიგებს ოფიციალურად გამოაკლდნენ თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან კოჭლოშვილი, ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი და ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილი.

სამივე მათგანი წასვლის მიზეზად, მმართველ გუნდისთვის „უხერხულობის შექმნის“ გარეშე, სიმართლის თავისუფლად თქმას ასახელებს

მათი თქმით, ამავე მიზეზით „ქართული ოცნებიდან“ წასულებს შეუერთდებიან.  ასეთები კი არიან  „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატი: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი, რომლებიც პარტია დატოვეს „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით და ანტიდასავლური რიტორიკა გაააქტიურეს.

იმედა მღებრიშვილის განცხადებით, ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად უკან დასახევი არაფერი აქვთ. მისი თქმით, საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე, რაც ხდება და  საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები, რომლებიც არსებობს.

„ყველას კარგად გვახსოვს აგვისტოს ომი, რომლის იარები (ფიზიკური თუ სულიერი) არაერთ ადამიანს მოყვება და ძალიან ბევრი ჩვენგანი დღესაც ცდილობს ბევრი რამის დავიწყებას. ადამიანები, რომელთა უცოდინრობამ თუ დანაშაულებრივმა ქმედებებმა ჩვენ ქვეყანას ვერ აარიდა ომი, დღეს კიდევ უფრო დიდი მონდომებით ცდილობენ რამენაირად გახვიონ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა.

თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა (რაც არაერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან მოგვისმენია), ჩვენ ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე.

ნუთუ არაა საკმარისი ამდენი დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული სახლები და ათასობით გაუბედურებული ოჯახი, ნუთუ ამისთვის იბრძოდა ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში დახმარების ხელის გამოწვდის სანაცვლოდ ასეთი უსამართლო დამოკიდებულება მიგვეღო ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება არ გესმოდეს იმ უბედურების მასშტაბი რაც ხდება უკრაინაში და ხდებოდა ჩვენთან 2008-ში, როგორც ჩანს ევროპაში მყოფთაგან ზოგიერთისთვის ეს ყველაფერი სხვანაირად ჩანს, რაც ჩემში იმედგაცრუებას იწვევს.

ჩვენ უკან დასახევი ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად არაფერი გვაქვს. საჭიროა თავისუფლად საუბარი ყველაფერზე რაც ხდება, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს იმ კითხვებზე პასუხები რომელიც არსებობს, სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ მმართველ გუნდს უხერხულობა არ შევუქმნა მე ვტოვებ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს და პარტია ქართულ ოცნებას, ვაპირებ შევუერთდე იმ ადამიანებს ვინც მზადაა ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის ევროპული მომავალი“, – წერს იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში.[სტილი დაცულია]

ლევან კოჭლოშვილის თქმით, მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებულია, რომ თითოეული სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო და ამიტომ, ყველაფერს გააკეთებს, რომ „ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში“, საფრთხის წინაშე არ დადგეს.

„ის, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ჩვენი წინაპრების არაერთი თავდადების და ვაჟკაცობის დამსახურებაა. ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ ჩვენი მტრებისგან განსხვავებით ევროპა იყო ის ადგილი სადაც საქართველო დაიმკვიდრებდა ადგილს საკუთარი ისტორიით, კულტურითა და მრავალგანსაცდელ გამოვლილი რწმენით.

დღეს გარკვეული ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ევროპულობას ამოფარებულები ებრძვიან ყოველივეს რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა და დღესაც დგას ჩვენი სამშობლო. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც მხარს უჭერს და მფარველობს ნაციონალურ მოძრაობას, ძალას რომელიც წლების განმავლობაში გვკლავდა და გვაწამებდა. მე არ მჯერა იმ ევროპის, რომელიც აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, რომელიც წლების განმავლობაში ებრძვის ყოველივე ქართულს.

მე მჯერა ევროპის, რომელზეც ოცნებობდნენ ჩემი წინაპრები, მე მჯერა ჩემი ქვეყნის და ისტორიის, მე მჯერა ჩვენი რწმენის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველი კაცის განნუყოფელი ნაწილი იყო.

არ მივცემ შესაძლებლობას არავის ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დაეხმაროს ნაც მოძრაობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნანატრი მშვიდობა, რომელმაც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაისადგურა ჩვენ ქვეყანაში, საფრთხის წინაშე არ დადგეს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ საჭიროა სიმართლის ლაპარაკი, მოურიდებლად, პირდაპირ. სწორედ ამიტომ იმისთვის, რომ მე შევძლო თავისუფლად საუბარი და მოქმედება, გადავწყვიტე დავტოვო დაკავებული თანამდებობა და შევუერთდე იმ ადამიანების რიგებს ვინც აპირებს იბრძოლოს სიმართლისთვის, დაეხმაროს საკუთარ ქვეყანას ასეთ რთულ მომენტში და ხელი შეუშალოს ყველა მცდელობას რომელმაც შეიძლება საქართველო ომამდე მიიყვანოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“ – წერს ლევან კოჭლოშვილი სოციალურ ქსელში.

გია ჭელიშვილის თქმით, დღეს, ისე, როგორც არასდროს, ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის.

„ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი – იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები.

იყო ნაც მოძრაობის მფარველი და ეხმარებოდა მას რამენაირად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში ნიშნავს იყო იმ ყოველივე უბედურების თანამონაწილე რასაც ჩადიოდა წლების განმავლობაში ნაც მოძრაობა. ეს იყო – დაუნდობელი რეპრესიები, ტელეკომპანიებში შევარდნები, ბიზნესის და ქონების ღამის ნოტარიუსებით გადაფორმებები, ხალხის წამებები, მკვლელობები, გაუპატიურებები და ათასი უბედურება რაც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს.

დღეს ისე, როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანას და საზოგადოებას ჭირდება სიმართლის ლაპარაკი, როგორი უხერხულიც არ უნდა იყოს ის. მე მჯერა, რომ თითოეული ქართველის წარმოდგენაში არსებობს დამოუკიდებელი, თავისუფალი და ერთიანი საქართველოს იდეა, რომლის შენარჩუნებისთვისაც არაერთი ომი გადავიტანეთ.
ჩვენ და ჩვენმა წინაპრებმა ბევრი სისხლი დავღვარეთ ევროპისკენ იმედებით მიმავალ გზაზე და დღეს ძალიან რთულ სიტუაციაში, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ვითომ ევროპელი ჩვენს ქვეყანას და ხალხს “ყურის აწევით” ელაპარაკებიან, ცდილობენ ტოლობის ნიშანი დასვან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპას შორის. სწორედ ეს ხალხი აზიანებს ნამდვილ ევროპულ იდეას ჩვენ ქვეყანაში, რომელიც ჩემთვის ნიშნავს მშვიდობას და არა-ომს, საქართველოს დამოუკიდებლობას და არა-ვასალობას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დავტოვო პარტია „ქართული ოცნება“ და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლო ამ ყველაფერზე საუბარი,“ – წერს გია ჭელიშვილი.[სტილი დაცულია]

მსგავსი მიზეზით „ქართული ოცნება“ დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ, ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძემ, თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა და გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი