ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს

13 ივლისი, 2022 • 884
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის თხოვნით მიმართავს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით,რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც  18 ივლისიდან უნდა დაიწყოს,  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხება:

  1. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92)
  2. „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71)
  3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96)
  4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106)

„ჩვენ მიერ შეთავაზებული დღის წესრიგი ეხმიანება 12 შესასრულებელი წინაპირობიდან სამ მიმართულებას (აღმოიფხვრას პოლიტიკური პოლარიზაცია, უზრუნველყოფილი იქნას სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა და ელიტური კორუფციის გამოძიების შემთხვევები). ჩვენ მიერ დღის წესრიგში დაყენებული ოთხივე საკითხი უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში, ეფუძნება 19 აპრილის სულისკვეთებას,  განხილულია და შეთანხმებულია არასამთავრობო სექტორთან და მიღებული აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება.  

შესაბამისად, რიგგარეშე სესია წარმოადგენს დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ რეალურ ნაბიჯს და იქნება მაჩვენებელი, რეალურად უნდა თუ არა ხელისუფლებას  ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წევრის სტატუსის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, პროცესების დეპოლარიზაცია და ოპოზიციასა და ხალხთან ურთიერთობის შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის ფორმატში გადატანა, თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია“, – აცხადებს ოპოზიცია.

ამასთან, ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მათ მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე „ქართული ოცნების“ უარის შემთხვევაშიც,  საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, როგორც ეროვნული ინტერესებით მოტივირებული პოლიტიკური ძალები, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, დაინტერესებული საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით გააგრძელებენ  ეროვნული ამოცანის – ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას. 

„კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელისუფლებას, უარი არ თქვათ რიგგარეშე სესიაში  მონაწილეობაზე და სრულად ჩაერთეთ ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეალურ საპარლამენტო საქმიანობაში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად  ძალაუფლების შენარჩუნება“, – აცხადებს ოპოზიცია.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას ხელს აწერს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “რესპუბლიკური პარტია”, “საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშებელი”, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია და დავით ბაქრაძე.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას არ უერთდებიან: „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“. ასევე, ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე არ არის დამოუკიდებელი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა.

„მოქალაქეების“  ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ რიგგარეშე სესიისთვის ოპოზიციის დღის წესრიგში შემავალი საკითხები მომზადებული არ არის.

„რიგგარეშე სხდომის შესახებ მოთხოვნას მე ხელს არ ვაწერ და არ ვაწერ კონკრეტული მიზეზის გამო –  საკითხები, რომლებიც ოპოზიციის ნაწილის მიერ არის მოთხოვნილი, არ არის მომზადებული იმისთვის, რომ მათთან მიმართებით კონკრეტული გადაწყვეტილება იყოს მიღებული. ყველა ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს განხილული პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, 12-პუნქტიანი შეთანხმების ნაწილია და ვფიქრობ, რომ ამ სივრცეში უნდა მოხდეს ჯერ მათი განხილვა არასამთავრობო სექტორთან ერთად“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ოპოზიცია, რომელმაც ჯერ თვითონ არ იცის, რა უნდა, პარლამენტის სხდომას ითხოვს.

„ჩემი ხელმოწერა რიგგარეშე სხდომის მოთხოვნაზე დოკუმენტს არ ექნება. მიმაჩნია, რომ ჯერ ოპოზიცია მზად არ არის ასეთი სხდომისთვის, ჯერ ბევრი რამეა სამუშაო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

ამ რეკომენდაციის საფუძველზე, 2022 წლის 24 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო,  უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭია კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – ევროპული პერსპექტივა;

ამასთან, ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველოს, მას შემდეგ, რაც შეასრულებს ევროკომისიის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს, ასევე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის შესრულების ვადად თავდაპირველად 2022 წლის დეკემბერი დაასახელა – მიუთითა, რომ ევროკომისია „მონიტორინგს გაუწევს საქართველოს პროგრესს ამ პრიორიტეტების განხორციელების პროცესში და გააკეთებს მოხსენებას 2022 წლის ბოლოსთვის“. თუმცა ევროკომისიის წარმომადგენელმა 13 ივლისს ბოლო ვადად 2023 წელი დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი