ახალი ამბები

ეტლით მოსარგებლე პირის თქმით, წალკის კანიონის ხიდზე არ შეუშვეს

13 ივლისი, 2022 • 1411
ეტლით მოსარგებლე პირის თქმით, წალკის კანიონის ხიდზე არ შეუშვეს

ეტლით მოსარგებლე მოქალაქე ოთო დარბაისელი აცხადებს, რომ დაშბაშის კანიონზე მოწყობილ შუშის ხიდზე შშმ პირთათვის განკუთვნილი ეტლით ასვლის შესაძლებლობა არ მიეცა. მოქალაქის თქმით, განუმარტეს, რომ რეზინის ბორბლები მინას აზიანებს და არ შეუშვეს.

მოქალაქე აღნიშნავს, რომ Kass Land ბარში ელექტროლიფტი გაფუჭებული დახვდა და ასვლა მხოლოდ პერსონალის დახმარებით შეძლო:

„ესეც ჩვენი დაშბაშის კანიონი. უკან ფონს რომ მილამაზებს, არის 120-მილიონიანი შუშის ხიდი, რომელიც ისეთი ფაქიზი და მსხვრევადი ყოფილა თურმე, რომ შეიძლება მე და ჩემ ეტლს ვერ გაგვიძლოს. არა, კი მოვიმატე წონაში, მაგრამ ასე ძალიანაც არა, ხიდებმა რომ ვერ გამიძლოს. თურმე რეზინის ბორბლები აზიანებს მინას, არ შემიშვეს. წესით, როცა საერთაშორისო პროექტით კეთდება, ყველა ვიზიტორზე უნდა იყოს გათვლილი.

ეს ფოტო არის გადაღებული #KassLand- ის ბარიდან. რომ შევედი, გამიხარდა, ელექტროლიფტი დამხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მალევე გამიცრუვდა იმედები. არ მუშაობდა. მიმტანს რომ ვკითხე, რატომ არ მუშაობს-მეთქი, დამონტაჟების დროს გაფუჭდაო. შემდეგ მენეჯერმა იმით მომიმადლიერა, რომ 5 ბიჭის კუნთების იმედად ჩამიყვანეს და ამომიყვანეს, თან, ბედნიერმა, ჩვენ ყველას ასე ვემსახურებითო. ვერ მივხდი, ყველა ასე ხელში აყვანილი დაჰყავდათ თუ რას ნიშნავდა ეგ. ვერ მიხვდი, სამწუხაროდ, შშმ პირების საჭიროებები არის გათვალისწინებული, მაგრამ გამოსადეგი არ არის შშმ პირისთვის. ამხელა თანხა და წვალება წყალში იყრება“, – ამბობს ოთო დარბაისელი.

„ნეტგაზეთი“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „კასს“ დაუკავშირდა, სადაც პასუხი წერილობით მოგვწერეს. წერილში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მიიღო, კომპანიაში წუხილი გამოთქვეს იმ დისკომფორტის გამო, რაც მიიღო ვიზიტორმა მათთან ყოფნის დროს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ხედვაა, ყველა ადამიანს თანასწორად შეეძლოს წალკის კანიონზე ჩამოსვლა და ყველა იმ ატრაქციით სარგებლობა, რასაც პროექტი მოიცავს. მათი თქმით, „კასს ლენდის“ ჯგუფის მიერ მთლიანი ინფრასტრუქტურა დაპროექტდა და მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებულად.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპლექსის ტერიტორიაზე არ მუშაობდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტი და აღნიშნული შეფერხება კომპანიამ აღმოფხვრა 24 საათის განმავლობაში. ახლა კი ვიზიტორებს შეუძლიათ მიიღონ სრულყოფილი მომსახურება.

რაც შეეხება შუშების დაზიანებას, „კასში“ ამბობენ, რომ ხიდზე მსგავსი რამ ფიზიკურად შეუძლებელია, ვინაიდან ის საერთაშორისო დონის სტანდარტებს აკმაყოფილებს და მდგრადია:

„გარემოს ხელმისაწვდომობა რომ მნიშვნელოვანია, „კასს ლენდის“ თითოეული თანამშრომელს კარგად აქვს გააზრებული და სწორედ ამიტომ, ტექნიკური გაუმართაობის გამო შექმნილი უხერხულობის გამოსწორება იმგვარად მოხდა, რამდენადაც ეს მოცემულ შემთხვევაში იყო შესაძლებელი.

როგორც ჩანს, ადგილზე არასწორი ინფორმაციის მიწოდება მოხდა, რასაც გამოიკვლევს სპეციალური სამსახური და მიიღებს შესაბამის ზომებს“, – აცხადებენ კომპანიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი