ახალი ამბები

100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

13 ივლისი, 2022 • 1018
100-მდე კლინიკა ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს

„ჯანდაცვის ასოციაცია“ მორიგ განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის მინისტრს პასუხობს. ასოციაციაში შემავალი დაწესებულებები აცხადებენ, რომ ოქტომბრის თვიდან ცდილობენ ითანამშრომლონ როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთანაც, თუმცა 9 თვის მანძილზე მათ მიერ დაყენებულ ვერც ერთ საკითხზე ვერ მოხდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა და წარმოადგენს ტარიფებზე შეთანხმება და ინდექსაცია:

„მოგახსენებთ, რომ კლინიკებს მძიმე ტვირთად გვაწვება 2013 წლის ტარიფებით ფუნქციონირება (ინფლაცია, კომუნალური ტარიფების გაზრდა, სახარჯი მასალის გაძვირება და სხვა – კომუნალური გადასახადების ზრდა: ელ.ენერგია – 85.7%, წყალმომარაგება – 47%, გაზი – 28%; მხოლოდ 2018 წლის შემდეგ ინფლაციის კუმულაციური მაჩვენებლი – 24.5%; 2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ლარი გაუფასურდა – 24.6% ), რაც პირველ რიგში აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე“, – აცხადებენ ასოციაციაში.

ხელმომწერები აცხადებენ, რომ სექტემბრის თვიდან დღემდე, სამუშაო შეხვედრების, საჯარო თუ დახურული დისკუსიების მეშვეობით, ასოციაცია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა ჯანდაცვის სამინისტროსთან კლინიკებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დადგენილი ტარიფების ინდექსაციასთან, ფასების გათანაბრებასთან, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთან და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხის მნიშვნელობას და ტარიფის ცვლილების აუცილებლობას ჯანდაცვის სამინისტრო, ყველა შეხვედრაზე, იზიარებდა:

„გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან გამართული შეხვედრებისას ჩვენ ვიღებდით ინფორმაციას, რომ სამინისტრო, არაუგვიანეს ივნისის თვისა, რეანიმაციის სტანდარტების დანერგვას, ხოლო აგვისტოს თვიდან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) სისტემის დანერგვას გეგმავდა, რაც კლინიკებს „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა“. შეთანხმებისამებრ, რეანიმაციის სტანდარტებს უნდა მოჰყოლოდა ინდექსაცია, რასაც თქვენთან ერთად მისაღებ პროცესად მივიჩნევდით. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო 11 ივლისს, მთავრობის სხდომაზე თქვენ მიერ გაკეთებული განცხადება ტარიფების ინდექსაციის არგანხორციელების და დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემის დანერგვის ვადებთან დაკავშირებით“ ,- აცხადებენ განცხადების ავტორები.

ასოციაციაში შემავალი კლინიკები მიესალმებიან დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოების დაფინანსების მეთოდზე გადასვლას, თუ აღნიშნული სწორი მეთოდოლოგიით და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე რესურსით განხორციელდება.

მათი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მონაწილეობით გამართულმა სამუშაო შეხვედრამ ნათლად დაანახათ, რომ აღნიშნული სისტემის დანერგვის პროცესამდე მთელი რიგი ეტაპებია განსახორციელებლი, რაც დიდ ადამიანურ რესურსს და დროს მოითხოვს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ განვითარებულ ქვეყნებში აღნიშნული სისტემის დანერგვას წლები დასჭირდა. შესაბამისად, განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ DRG სისტემის დანერგვის პარალელურად, უმოკლეს ვადაში უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსების შუალედურ გამოსავალთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ხარისხს და კონტროლს, ასოციაციაში აცხადებენ, რომ პაციენტისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას, მაღალკვალიფიციური და მოტივირებულ პერსონალის საქმიანობა განაპირობებს კლინიკების ფინანსური მდგრადობა, რისი შენარჩუნებაც არარენტაბელური ტარიფების და გაზრდილი ხარჯების პირობებში ფიზიკურად შეუძლებელი გახდა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ სამინისტროსთან შეთანხმებით, სწორედ ხარისხის მაჩვენებელ ახალ სტანდარტებზე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული ინდექსაცია, რასაც 11 ივლისის აზარაშვილმა საკუთარი განცხადებით ანულირება გაუკეთა.

ამასთან, ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის პროგრამაში ჰოსპიტალური სექტორი 2013 წელს ჩაერთო, იმ მომენტისათვის მინიმალური ტარიფებით და კლინიკების მხრიდან შეთანხმებული ფასით, რაც დღემდე უცვლელია:

„2019 წელს, 520-ე დადგენილებით, განსაზღვრული ტარიფები გაზრდის ნაცვლად კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, ტარიფების საკითხი ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა ჰოსპიტალური სექტორისთვის, რომელიც 2020-2021 წლებიდან პირდაპირი ხარჯის დაფარვასაც ვეღარ ახერხებს, ზედმეტია საუბარი ჰოსპიტლების საკუთარი კაპიტალით სუბსიდირებაზე. დღეს ამის რესურსი უბრალოდ აღარ არსებობს. მაგალითისათვის, დღეს II-III დონის რეანიმაციული საწოლდღე 440-240ლარით ფინანსდება, როდესაც კლინიკებისათვის ასეთი საწოლდღის თვითღირებულება დაახლოებით 730ლარია.

კიდევ ერთხელ ვიტოვებთ შედეგიანი თანამშრომლობის და ეფექტიანი კერძო-საჯარო პარტნიორობის იმედს და გთავაზობთ შეხვედრას 20 ივლისამდე, წინააღმეგ შემთხვევაში, რიგმა დაწესებულებებმა შესაძლოა ვეღარ მოახერხონ ოპერირების გაგრძელება, რაც წარმოშობს ქვეყანაში სერვისების მიწოდების შეფერხების საფრთხეს. გვჯერა, რომ ჯანმრთელობის დაცვა, როგორც უფლება, ნიშნავს მოსახლეობისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას და არა “უფასო” ან დაბალი ხარისხით მომსახურებას. ასევე გვჯერა, რომ ამ პლატფორმაზე ერთიანია ჯანდაცვის ასოციაცია და ჯანდაცვის სამინისტრო და ჩვენი თანამშრომლობით შესაძლებელია სამედიცინო პერსონალის პირობების გაუმჯობესება, უკეთესი და ინოვაციური სამედიცინო სერვისების დანერგა და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფა“, – აცხადებენ ასოციაციაში შემავალი კლინიკები.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე კლინიკებისთვის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ფასის ინდექსაცია არ მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება კონკრეტული გეგმის შესაბამისად მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვა 90-95%-იან დაფარვაზე უნდა ავიდეს, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ თუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო ამისთვის მზად იქნება. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამჟამად სერვისს 70%-იანი დაფარვა აქვს და აღნიშნავს, რომ თუ მისი გაფართოება იგეგმება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისი მიიღონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი