ახალი ამბები

სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციას არ აპირებს

11 ივლისი, 2022 • 978
სამინისტრო სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციას არ აპირებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვამდე კლინიკებისთვის საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების ფასის ინდექსაცია არ მოხდება.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება კონკრეტული გეგმის შესაბამისად მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 2030 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვა 90-95%-იან დაფარვაზე უნდა ავიდეს, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ თუ მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მიმართულებით დახმარება დასჭირდება, სახელმწიფო ამისთვის მზად იქნება.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამჟამად სერვისს 70%-იანი დაფარვა აქვს და აღნიშნავს, რომ თუ მისი გაფართოება იგეგმება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სერვისი მიიღონ:

“ამიტომ, ჩვენ როცა დავიწყეთ DRG-ს შემოტანა, მოგეხსენებათ, აპრილიდან გაშვებული გვაქვს საპილოტე რეჟიმში, სექტემბერ-ოქტომბერში ვგეგმავთ, უკვე კლინიკებზე გავავრცელოთ და წლის ბოლომდე ყველა კლინიკაზე გავრცელდება. ვფიქრობთ, ეს ჩამოაყალიბებს სამართლიან და ადეკვატურ ტარიფს, რომელსაც სახელმწიფო გადაუხდის [კლინიკას] სამედიცინო სერვისზე“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემის დანერგვამდე, გასაწევ მომსახურებაზე ფასების ინდექსაციასთან დაკავშორებით საუბარი არასერიოზულია.


სამედიცინო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ გამოწვევად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები. კერძო სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჯანდაცვის ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, ელიან, რომ სახელმწიფო ივლისში მიიღებს ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

კლინიკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდგომ სახელმწიფოს ტარიფისთვის არ გადაუხედავს. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის მოხდა შეთანხმება მომსახურების ფასზე, რომლის ცვლილების უფლებაც კლინიკას არ აქვს. კლინიკების თქმით, გაზრდილი ხარჯისა და პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე უწევთ ოპერირება, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტის მომსახურების ხარისხზე აისახება.

კლინიკების განცხადებთ, 2013 წლის შემდგომ ჰოსპიტალური სექტორის ხარჯის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და ინფლაციამ. 2019 წელს სახელმწიფომ ნორმატიული აქტის სახით 520-ე დადგენილება მიიღო, რომლითაც სახელმწიფოს დანახარჯი დაფიქსირდა. აღნიშნული დადგენილებით ტარიფები არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი ვერ ფარავს გაწეული მომსახურების ხარჯს.

ნახეთ კლინიკების განცხადება:

სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან

მასალების გადაბეჭდვის წესი