ახალი ამბები

UK-ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად 8 კანდიდატი დარეგისტრირდა

12 ივლისი, 2022 • 1171
UK-ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად 8 კანდიდატი დარეგისტრირდა

დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელისა და, შესაბამისად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად 8 კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც BBC იუწყება, კანდიდატები კონსერვატიული პარტიის  1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარემ გრემ ბრედიმ გამოაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად დარეგისტრირებული არიან:

  • თანასწორობის ყოფილი მინისტრი კემი ბეიდინოხი,
  • გენერალური პროკურორი სუელა ბრეივერმენი,
  • ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი,
  • ვაჭრობის მინისტრი პენი მორდონტი,
  • ფინანსთა ყოფილი მინისტრი რიში სუნაკი,
  • საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი,
  • პარლამენტის წევრი ტომ თუგენდატი
  • ფინანსთა მინისტრი ნადიმ ზაჰავი.

როგორც BBC  წერს, თითოეულ მათგანს მინიმუმ 20 დეპუტატის მხარდაჭერა აქვს. მათივე ცნობით, რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი კანდიდატურა მოხსნეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და დეპუტატმა რემან ჩიშტიმ. პრემიერობისთვის ბრძოლას ასევე გამოეთიშა ტრანსპორტის მინისტრი გრანტი შეპსი.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი სულ 11 პოლიტიკოსს ჰქონდა გამოთქმული.

ერთი დღით ადრე, 1922 წლის კომიტეტმა შეცვალა ლიდერის არჩევის წესები, რაც მიზნად ისახავდა კანდიდატთა რაოდენობის შემცირებას. ამგვარად, რეგისტრაციისთვის კანდიდატებმა უნდა მიიღონ მინიმუმ 20 კონსერვატორი დეპუტატის ხმა, ხოლო შემდეგ ტურებში – მინიმუმ 30 დეპუტატის მხარდაჭერა.

ხმის მიცემის პირველი ორი ტური 13 და 14 ივლისს გაიმართება. საბოლოოდ კი კონსერვატიული პარტიის ლიდერის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. მანამდე ბრიტანეთის მთავრობას ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი მთავრობა ათობით მაღალჩინოსანმა დატოვა, რადგან ჯონსონმა სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული კრის პინჩერი დააწინაურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი