ევროკავშირს ამ დროისთვის რუსი ოლიგარქების, ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების 13.8 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივები აქვს დაყადაღებული. ამის შესახებ ევროკავშირის იუსტიციის კომისარმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა.
აღნიშნული აქტივები უკრიანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაყადაღდა. როგორც ევროკომისარმა განაცხადა, ეს მოიცავს როგორც საბანკო ანგარიშებზე არსებულ ნაღდი ფულს, ასევე, ჩამორთმეული იახტებისა და უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულებას სხვა აქტივებთან ერთად. მისივე თქმით, ამაში არ შედის რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები, რომელზეც მაისში ევროკომისიამ თქვა, რომ 24 მილიარდ ევროს შეადგენდა.
„ძალიან დიდი ნაწილი, 12 მილიარდზე მეტი მოდის ევროკავშირის ხუთ წევრ ქვეყანაზე, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სხვების დარწმუნება, რომ იგივე გააკეთონ“, – განაცხადა ევროკომისარმა, თუმცა ეს ხუთი ქვეყანა არ დააკონკრეტა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო, რის საპასუხოდაც რუსეთს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა.








