ახალი ამბები

პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

11 ივლისი, 2022 • 1044
პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დღეს, 11 ივლისს, პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად, საპარლამენტო ოპოზიციიდან მონაწილეობდნენ „გირჩის“ „მოქალაქეებისთვის“, „საქართველოსთვის“  და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ მომზადებული 200-გვერდიანი „ობიექტური“ დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმებს აანალიზებს. მისი თქმით, დოკუმენტში აღწერილია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღემდე.

როგორც ოხანაშვილი ამბობს, სასამართლო სისტემის მიმართულებით პროგრესი თვალსაჩინოა და ამას ფაქტებიც ადასტურებს.

„აქ საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, საპარლამენტო ოპოზიციის ის წევრები, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრენ, ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებენ.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში წარმოდგენილია მხოლოდ ორი დოკუმენტი – ჩვენ და “მოქალაქეებმა” წარმოვადგინეთ დოკუმენტი. “ლელომ” არათუ დოკუმენტი წარმოადგინა, შეხვედრაზეც არ მოვიდნენ. არ ვიცი, ოპონენტები რას გულისხმობენ მოჩვენებით პროცესში, მათთვის რა არის გამოწვევა. ამაზე ვერბალურად კი არ უნდა ვისაუბროთ, დოკუმენტები უნდა დადონ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

როგორც „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და პროცესი აწი დაიწყება. მისი თქმით, ერთ კვირაში ოპოზიციამ თავიანთი პოზიციები უნდა წარადგინოს.

„გირჩის“ აზრით,  სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა, რადგან მოსამართლეებს ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები ნიშნავენ.

„ჩვენი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით ვისაც აინტერესებს, ეს წლებია იცის. მსგავსი იდეები დღეს არ განხილულა, საერთოდ არანაირი იდეა არ განხილულა, მთავარი არის, რომ ეს პროცესი ვაწარმოოთ რაც შეიძლება ბევრი ხალხის ჩართულობით, ენჯეოები იქნება, ოპოზიციონერი კოლეგები თუ ა.შ. ჩვენ გვაქვს ერთი კვირა, რომ ჩვენი პოზიციები მოვამზადოთ შინაარსობრივად და პირველად შევხვდეთ სასამართლოს თაობაზე სასაუბროდ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მისი თქმით, სწორე საბჭოა სასამართლო სისტემაში ის რგოლი, რომლითაც გავლენიანი ჯგუფები სისტემას მართავენ.

მისი თქმით, როგორც მმართველი გუნდისგან შეხვედრაზე მოისმინა, შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება.

„მხოლოდ იუსტიციის უმაღლესო საბჭო არ არის, ბუნებრივია, ამოსავალი. მნიშვნელოვანია, მაგალითად, ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა საბჭოს მიერ. ასევე დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენე საკითხი და კითხვა დავსვი, თუ როდის აპირებს ხელისუფლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების შევსებას, სადაც 5 ვაკანტური ადგილია. რაც მოვისმინე, არის ის, რომ წესით, შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ყურადღება გაამახვილა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმაც. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისეთი  ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს, როგორიც დღეს აქვს და გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ უნდა მიიღებოდეს. იოსელიანის თქმით, იუსტიციის სკოლა უფრო გახსნილი უნდა იყოს.

იოსელიანის თქმით, როცა საქმე სასამართლოს ეხება, მნიშვნელოვანია დეტალურად გვესმოდეს, რა პრობლემები დაგროვდა.

„ოთხი ტალღის თაობაზე დოკუმენტი მოვამზადე, რომელმაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი ვერ უზრუნველყო, რაც იქნებოდა გარანტია ევროკავშირის სტატუსის მინიჭების. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რადგან ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რათა ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რაც სასამართლოს აუმაღლებს ნდობას და ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს შეკვეთების განხორციელებით, ისინი ახლა მუშაობას არათუ აგრძელებენ, არამედ წახალისებული და დაწინაურებული არიან უზენაეს სასამართლოში. ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს. დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი