ახალი ამბები

სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან

28 ივნისი, 2022 • 715
სამედიცინო მომსახურების ტარიფების ინდექსაციაზე სამინისტროს გადაწყვეტილებას კლინიკები ივლისში ელიან

სამედიცინო დაწესებულებები აცხადებენ, რომ ერთ-ერთ მთავარ და გადაუჭრელ გამოწვევად საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წელს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფები რჩება. კერძო სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ჯანდაცვის ასოციაციაში არიან გაწევრიანებული, ელიან, რომ სახელმწიფო ივლისში მიიღებს ტარიფების ინდექსაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

კლინიკების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის შემდგომ სახელმწიფოს ტარიფისთვის არ გადაუხედავს. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის მოხდა შეთანხმება მომსახურების ფასზე, რომლის ცვლილების უფლებაც კლინიკას არ აქვს. კლინიკების თქმით, გაზრდილი ხარჯისა და პანდემიის შედეგებთან გამკლავების ფონზე უწევთ ოპერირება, რაც საბოლოო ჯამში, პაციენტის მომსახურების ხარისხზე აისახება.

კლინიკების განცხადებთ, 2013 წლის შემდგომ ჰოსპიტალური სექტორის ხარჯის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა იმპორტირებული ინვენტარის და სამედიცინო აღჭურვილობის გაძვირებამ, კომუნალური გადასახადების ზრდამ და ინფლაციამ. 2019 წელს სახელმწიფომ ნორმატიული აქტის სახით 520-ე დადგენილება მიიღო, რომლითაც სახელმწიფოს დანახარჯი დაფიქსირდა. აღნიშნული დადგენილებით ტარიფები არათუ გაიზარდა, არამედ კიდევ უფრო შემცირდა. შესაბამისად, სხვადასხვა მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფი ვერ ფარავს გაწეული მომსახურების ხარჯს.

„ჩვენი ჯანდაცვა დიდწილად იმპორტირებულ პროდუქციაზე დგას. უცხოეთიდან შემოდის წამლები, გადასასხმელი ხსნარები, ქირურგიული ინვენტარი, ერთჯერადი მასალა და სადიაგნოსტიკო აპარატურა, მათ შორის, საოპერაციო მაგიდებიც და პალატაში რომ დგას, ის საწოლიც და ტუმბოც. ბრმა ნაწლავის ოპერაციის ხარჯის დაახლოებით 45% უცხოურ ვალუტაზე ნაყიდი პროდუქციაა. მაშინ, როცა ეროვნული ვალუტა 2013-2020 წლებში თითქმის 100%-ით გაუფასურდა. გამოდის, რომ 2000-ლარიანი ოპერაციის უცხოურ ვალუტაზე დამოკიდებული ხარჯი 2013 წელს იყო 900 ლარი, მაშინ, როცა 2020 წელს იმავე მასალის შესყიდვას 1800 ლარი სჭირდება“,-აღნიშნავს გიორგი გოცაძე, ჯანდაცვის სისტემების ექსპერტი, საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი.

ჯანდაცვის ასოციაციის განცხადებით, დღევანდელი გამოწვევების შეუსაბამო ტარიფები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. პირველ რიგში, ამის მიზეზია მედპერსონალის ანაზღაურება, რომელიც უცვლელი რჩება ინფლაციის და გაზრდილი ხარჯების ფონზე. ეს სამედიცინო პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, შესაბამისად, პაციენტს ხვდება დემოტივირებული პერსონალი. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ექთნების და სანიტრების შემთხვევაში, რომელთა რაოდენობაც ისედაც მცირეა. მეორე ფაქტორი, რაც მომსახურების ხარისხის სასიკეთოდ არ მოქმედებს, არის მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მედიკამენტების და სახარჯი მასალის შედარებით ხელმისაწვდომი ჩინური/ინდური წარმოების მედიკამენტებით და სახარჯებით ჩანაცვლების პრაქტიკა. გარდა ამისა, ხარჯის დაფარვასა და დაზოგვაზე ორიენტირებულობა მნიშვნელოვნად აფერხებს სამედიცინო დაწესებულებების განვითარებას:

„სამედიცინო დაწესებულებისთვის მოგების გენერირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საჭიროა მუდმივი რეინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში. იმისთვის, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩეთ უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიურ ტრენდებს, რაც, მაღალკვალიფიციურ პერსონალთან კომბინაციაში, მაღალ სამედიცინო ხარისხს და საუკეთესო სამედიცინო გამოსავალს გულისხმობს“,- ამბობს მაია მახარაშვილი, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი.

ტარიფების ინდექსაციის მოთხოვნით, 130-ზე მეტმა სამედიცინო დაწესებულებამ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა ჯანდაცვის ასოციაციის სახელით:

„ცხრა თვეა, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ტარიფების ინდექსაციის საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. შევიმუშავეთ კონკრეტული მეთოდოლოგია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ტარიფის დათვლა. ათობით სამუშაო შეხვედრა ჩავატარეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. მუშაობის პროცესში შეიცვალა სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომელთანაც ყველაფერი თავიდან დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები აღიარებენ ტარიფების გადახედვის საჭიროებას, კონკრეტული ნაბიჯები ან ცვლილება დღემდე არ განხორციელებულა. სამინისტროსგან ჩვენ ველით კონკრეტულ პასუხს, თუ რა პროცენტით მოხდება რეანიმაციული და კარდიოლოგიური სერვისების ინდექსაცია. თუმცა ახლა დაიწყო საუბარი რეანიმაციის სტანდარტის შექმნაზე და DRG (დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფები) სისტემის დანერგვაზე, რომელიც ინდექსაციის პროცესს კვლავ დროში გაწელავს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სამედიცინო პროცესის დიდი ნაწილის უკმაყოფილების ზრდა, საავადმყოფოების გამოსვლა საყოველთაო დაზღვევის პროგრამიდან, რაც საბოლოოდ პაციენტს დააზარალებს, ვინაიდან გაიზრდება ჯიბიდან გადახდის წილი “,- აღნიშნავს ჯანდაცვის ასოციაციის წარმომადგენელი, ნინო კიკნაძე.


ინფორმაცია ჯანდაცვის ასოციაციის შესახებ: “ჯანდაცვის ასოციაცია” აცხადებს, რომ  წევრობაზე დაფუძნებული, საერთო იდეის გარშემო შეკრებილი სამედიცინო დაწესებულებების გაერთიანებაა. „ჯანდაცვის ასოციაციის“ ხედვით, “ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული ნებისმიერი ახალი წამოწყება ან ცვლილება უნდა ეფუძნებოდეს სექტორის განვითარების გრძელვადიან მიზანს და ჯანდაცვის ექსპერტების და ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებლებთან დისკუსიით მიღწეულ კონსენსუსს”. ასოციაციის განცხადებით, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის ტარიფით რეგულირების საკითხს წლების მანძილზე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად განიხილავენ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. ამ საკითხზე დისკუსიის თხოვნით ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. ეგრეთ წოდებული ტარიფიკაციის პრობლემის გარდა, ასოციაცია აცხადებს, რომ მომდევნო თვეებში  სახელმწიფოს გაუზიარებს რეკომენდაციებს ისეთი საკითხების გადასაჭრელად, როგორიც არის საბაზისო ვალდებულებების შესრულება; ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) პორტალის გამართვა; კაპიტაციის საკითხები და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი