ახალი ამბები

მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაზე ბრალი 6 პირს წარუდგინეს

11 ივლისი, 2022 • 957
მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებაზე ბრალი 6 პირს წარუდგინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსით ბრალი ექვს პირს წაუყენეს.

უწყების თქმით, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე. საგამოძიებო სამსახურის თქმით, ერთი ბრალდებული ყოფილი მოხელეა.

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის დახმარებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს 309 576 ლარის ღირებულების 2 256 მ 2 მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი.

უწყების თქმით, ბრალდებულების მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ იქნა ასევე ყალბი დოკუმენტაცია, დამატებით 6 217 მ 2 მოცულობის 5 მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით, რაც აღკვეთეს საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად:

„ტარდება შესაბამისი პროცედურები მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“ ,- აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი