ახალი ამბები

ყაველაშვილი: გაოცებული დავრჩი დეგნანის გაღიზიანებით

9 ივლისი, 2022 • 1069
ყაველაშვილი: გაოცებული დავრჩი დეგნანის გაღიზიანებით

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა, გაოგნებულია ამ უკანასკნელის მიერ გამოხატული დაუფარავი გაღიზიანებით.

კელი დეგნანის განცხადებით, წერილი შეიცავდა ტყუილებსა და შეთქმულების თეორიებს.

„ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია, კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოაყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს“, – აცხადებს ყაველაშვილი.

მანამდე, „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კელი დეგნანის პასუხები ყაველაშვილის წერილზე შეურაცხმყოფელი იყო.

მიხეილ ყაველაშვილმა, ისევე როგორც სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართული ოცნების“ რიგები დატოვეს, რადგან პარტიის თანახმად, ისინი ვერ შეთანხმდნენ იმაზე, თუ რა დოზითა და ფორმით უნდა მიაწოდონ საზოგადოებას სიმართე საქართველოს ევროინტეგრაციისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი