ახალი ამბები

საქართველოში ეკონომიკური ინვესტიციებისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება – ავსტრიის კანცლერი

8 ივლისი, 2022 • 807
საქართველოში ეკონომიკური ინვესტიციებისთვის ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება – ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანი მოტავაციაა, რომ თანმიმდევრული ნაბიჯები გადაიდგას.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ივლისს, ავსტრიაში ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს გამოწვევებზე თვალის დავხუჭვა არაპროდუქტიული იქნება.

„უკეთესი იქნება, თუ დავინახავთ გამოწვევებს, თვალს გავუსწორებთ და ამ მხრივ განვახორციელებთ პროცესს, რომელსაც ექნება პოზიტიური სახე. მეორე მხრივ, ასევე ევროკავშირსა და ევროკომისიას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, მათ შორის ავსტრიასაც უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ საქართველოს ხელი შეუწყოს დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და უნდა იქნას მოძიებული გამოსავალი წინსვლისთვის“,  – განაცხადა კარლ ნაჰემარმა.

ავსტრიის კანცლერი საქართველოს ცალსახა გარანტიას აძლევს, რომ ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად მიცემული რეკომენდაციების შესრულების გზაზე ავსტრია დადებით როლს ითამაშებს და მხარს დაუჭერს.

მისი თქმით, ავსტრია ხელს შეუწყობს საქართველოს, რომ შექმნან ერთობლივი სივრცე, რომელიც სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით შექმნილ ურთულეს  ვითარებაში.

„ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად, ძალიან დიდი პოტენციალია ამ მიმართულებითაც, თუმცა, იმისთვის, რომ განხორციელდეს უწყვეტი ეკონომიკური ინვესტიციები, ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი უსაფრთხოება. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ჩვენ მოგვცა იმის გარანტია, რომ საქართველო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ტიპის გარანტიები იქნას მოცემული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და აქტიურად ვითანამშრომლებთ  იმ მიმართულებით, რომ უსაფრთხოების კუთხითაც იქნას გარანტიები შექმნილი.

ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი საერთო მიზანი – ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. თანამშრომლობის პროცესში ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ ძალიან ბევრს და ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო უკეთ ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისათვის“, –  აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

ავსტრიის კანცლერის თქმით, საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პარტნიორია, რომელიც ამასთანავე არის განსაკუთრებულ სიტუაციაში.

ავსტრიის კანცლერის თქმით, რეგიონში საქართველოს ძალიან სანდო შუამავლად აღიქვამენ კონფლიქტურ მხარეებს შორის, რის გამოც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს დასავლურ გზაზე.

„საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ და ეს არის უწყვეტი გამოწვევა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთი მხრივ. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველო დღეს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორს, როდესაც ვლაპარაკობთ კონფლიქტის მხარეებთან საუბარზე და რომელსაც ესმის რეგიონი.

ჩვენ, როდესაც ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რომ რეგიონი უკეთესად გავიგოთ, ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, ქვეყნისა, რომელიც აღიარებს ევროპულ ღირებულებებს და მიისწრაფვის ევროპისკენ. ამ გზაზე საქართველოს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ის გახდეს ჩვენი თანამეგობრობის წევრი.

ევროპულმა საბჭომ ჩამოაყალიბა კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის სწრაფად უზრუნველყოფა და, მე ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სწორია. ჩვენი საუბრისას ბატონ პრემიერ-მინისტრთან ავსტრიის პოზიციაზე დეტალურად ვისაუბრეთ, თუ რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი  ჩვენი მიდგომა, თუ რატომ გაიწერა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს შემთხვევაში რატომ დაფიქსირდა გაწევრიანების პერსპექტივა.

ამ შემთხვევაში ბოსნია-ჰერცეგოვინას მომენტიც გასათვალისწინებელია. ანუ, ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, არამედ ვლაპარაკობთ ასევე სხვადასხვა ინტერესებზე, ინტერესების დაბალანსებაზე და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული სიგნალი გაიგზავნა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიმართ, მაგრამ ჩვენთვის, ავსტრიისთვის, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმავე სიგნალის გაგზავნა ბალკანეთის სახელმწიფოებისთვის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი